ლეგენდად ქცეული მადათოვის კუნძული
Tbilisi Daily
მტკვარში მდებარე მადათოვის კუნძულის შესახებ ძალიან ცოტამ იცის. უფრო ცოტამ იცის იმის შესახებ, რომ კუნძული თავადმა ორბელიანმა გენერალ მადათოვს მიჰყიდა და კიდევ უფრო ცოტამ იცის ის საინტერესო ამბავი, რომ თავადის მიერ სომეხი გენერლისთვის კუნძულის მიყიდვის ამბავი მხოლოდ თბილისური ლეგენდა უფროა, ვიდრე სინამდვილე.
თბილისის ისტორიის მკვლევარის, თამარ ვასაძის თქმით, გენერალი მადათოვი კუნძულს ორბელიანებისგან ვერ შეიძენდა, ვინაიდან კუნძული ეკუთვნოდა ყველას, ვისი მიწებიც კუნძულს გადაჰყურებდა. შესაბამისად, კუნძული ოთხ მესაკუთრეს შორის იყოფოდა.
თამარ ვასაძის მონათხრობის მიხედვით, XIX საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებულ დოკუმენტებში კუნძული მოიხსენიებოდა როგორც “მადათოვის სახლის პირდაპირ მდებარე კუნძული”. ხოლო სახელწოდება - მადათოვის კუნძული მოგვიანებით ჩნდება, რაც გენერალ მადათოვის სახელის დარქმევას უკავშირდება ქუჩისთვის, რომელზეც გენერლის სახლი მდებარეობდა. როგორც ჩანს ქუჩის სახელი გავრცელდა კუნძულზეც.
ამ პერიოდამდე კუნძულს არანაირი პრაქტიკული დანიშნულება არ ჰქონდა, შესაბამისად, იგი არც ისტორიულ წყაროებში ფიგურირებს. მოგვიანებით კი კუნძული ქირავდებოდა სამხერხაოებზე. კუნძულის იმ ნაწილს, რომელზეც დღეს იუსტიციის სახლია განთავსებული, სომხური ეკლესია ნათლობებისთვის იყენებდა.
კუნძული სახელგანთქმული იყო ანტისანიტარიით. გადმოცემის მიხედვით, კუნძული მუდმივად დანაგვიანებული იყო.
კუნძული საბჭოთა ხელისუფლების მიერ თბილისისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის იდეას შეეწირა. დააშრეს მტკვრის ერთი ტოტი და მის ადგილას საავტომობილო გზა გაიყვანეს.
წყარო : madatovi.com.ge
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#მადათოვი #ძველითბილისი
#dailytbilisi