ავღანეთის ჯარი აგრძელებს წმენდის ოპერაციას საპატიმროზე „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შემდეგ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ავღანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 29 ადამიანი იქნა მოკლული თავდასხმის შედეგად მთავარ ციხეზე აღმოსავლეთში, ნანგარჰარის პროვინციაში, სადაც უშიშროების ძალები განაგრძობენ ეჭვმიტანილების ძებნას.
ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის, რომელიც 2 აგვისტოს საღამოს დაიწყო და 3 აგვისტოსაც გაგრძელდა, და რომელშიც სულ მცირე რვა შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. „სულ მოკლულია 29 ადამიანი, მათ შორს სამოქალაქო პირები, უშიშროების მუშაკები და პატიმრები, ხოლო 50 - დაჭრილია“ , განაცხადა პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა, ათაულაჰ ხოგიანიმ. მისი თქმით, 3 აგვისტოს საღამოსთვის 29 მსხვერპლის გარდა მოკლულ იქნა 9 თავდამსხმელი. ხოგიანიმ დასძინა, რომ არაა დადგენილი საპატიმროდან გაქცეულების რიცხვი.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არმიის სამხედრო მეთაური, იასინ ზაი ადგილზე იმყოფება და წმენდის ოპერაციას მეთაურობს.
2 აგვისტოს საღამოს თავდამსხმელებმა ჯერ დანაღმული მანქანა ააფეთქეს პროვინციის დედაქალაქ ჯალალაბადში მდებარე ციხის შესასვლელთან და შემდეგ უკვე ობიექტზე სროლით შეიჭრნენ.
თავდამსხმელებმა დახოცეს მცველები და ციხიდან ათეულობით პატიმარი გაათავისუფლეს.
ექსტრემისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, გაქცეულ პატიმართა ნაწილი დაპატიმრებულია.
ჯალალაბადში მდებარე ამ ციხეში თალიბანისა და „ისლამური სახელმწიფოს“ 1800-მდე წევრი და სხვადასხვა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული დამნაშავე იხდის საჯელს.
ჯალალაბადის ციხეზე თავდასხმის ფონია 2 აგვისტოს გავრცელებული ცნობა, რომ ავღანეთის დაზვერვის სპეცდანიშნულების ძალებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად მოკლეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დაზვერვის ერთ-ერთი ლიდერი, ასადულა ორაყზაი.
ამ დროს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თადლიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის 3 აგვიტოს დასრულდა, რის ფონზეც მაჰმადიანური მსხვერპლთშეწირვის დღესასწაული იმედს იძლევა, რომ შიდა-ავღანურ სამშვიდობო მოლაპარაკებას გზა გაეხსნას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30764151.html
#ახალი_ამბები
#twitter