"COVID-19-ის კრიზისი ყველაზე მძაფრად შშმ პირებზე აისახა" - ომბუდსმენის განცხადება
Batumi Daily
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. სახალხო დამცველმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ პანდემიის ჟამს მათი უმრავლესობა ძალადობისა და უგულებელყოფის მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფება და კოვიდ 19-ის კრიზისიც ყველაზე მძაფრად სწორედ მათზე აისახება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ არასაკმარისია კრიზისის დროს შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინების მიზნით მიღებული ზომები, რადგან შშმ პირთა საჭიროებები ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩა.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს პანდემიის პირობებში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით, შემდეგი ქმედებები განახორციელოს:
- შშმ პირთა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით შემუშავდეს პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილების კომპლექსური ხედვა და სტრატეგიული დოკუმენტი;
- მუნიციპალურ დონეზე არსებულ პროგრამებში და აქტივობებში მოხდეს შშმ პირთა მიზნობრივ ჯგუფად გათვალისწინება;
- უზრუნველყოფილ იქნას შშმ პირთა მიზნობრივი რეაბილიტაციის სერვისების იმგვარი ადაპტირება, რაც უზრუნველყოფს როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის უწყვეტობას ბენეფიციარისთვის მისაღები და აუცილებელი ფორმით (დისტანციურად ან პირისპირ), ისე ვირუსის ეფექტურ პრევენციას;
- უზრუნველყოფილ იქნას შშმ პირთა 24 საათიანი ზრუნვის დაწესებულებებში დაცული პრევენციული ღონისძიებების მუდმივი და ეფექტური კონტროლი;
- ეფექტური ზედამხედველობა გაეწიოს კოვიდ 19-ის პირობებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მკურნალობის პროტოკოლების შესრულების პროცესს როგორც სტაციონარულ, ისე სტაციონარს გარე მომსახურებებში;
- მიიღოს აუცილებელი ზომები შშმ და სსსმ მოსწავლეთა დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილი ჩართვის მიზნით შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსების მობილიზებისა და ტელესკოლის გაკვეთილების იმ ყრუ და სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, რომელთაც არ იციან ჟესტური ენა.
#შშმპირები
#ომბუდსმენი
#კორონავირუსი
#batumidaily