მარნეულის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლი - წერაქვის მონასტერი.

Marneuli Daily

მოდით გავეცნოთ, მარნეულის მუნიციპალიტეტის ისტორიულ ძეგლებს. დღეს ვისაუბრებთ, ისტორიული ნაგებობის, წერაქვის მონასტერის შესახებ. წერაქვის მონასტერი მდებარეობს ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წერაქვში. იგი გაშენებულია მდინარე შულავერის (ხრამის შენაკადი) ნაპირზე. წერაქვიდან იყო წარმოშობით ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ ჯავახიშვილი. აქვეა მისი სახლ-მუზეუმიც. კომპლექსის მოცულობიდან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ აქ, საკმაოდ ძლიერი სამონასტრო ცხოვრება იყო. მონასტერი ტყის პირას მდებარეობს. ძირითად ნაგებობას წარმოადგენს დარბაზული ტიპის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. მონასტერს გარს შემოვლებული აქვს ქვის გალავანი. გარდა ღვთისმშობლის ეკლესიისა კომპლექსის ტერიტორიაზე კიდევ ორი მომცრო ზომის წმიდა გიორგის სახელობის და მიქაელ მთავარანგელოზის დარბაზული ტიპის ეკლესიაა, აგრეთვე ტერიტორიაზეა თავმოყრილი სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობები, კელიები, მარანი, სატრაპეზო. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, შემაღლებულ, დატერასებულ გორაკზე დგას. სტილისტურად იგი დარბაზულია. ნაგებია კარგად გათლილი ქვის კვადრებით. ჩრდილოეთის და სამხრეთის მხრიდან აქვს მინაშენი, ჩრდილოეთის მინაშენის აღმოსავლეთის მხარე აფსიდურია, სამხრეთის სწორკუთხა. შესასვლელი, ორი მხრიდან აქვს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან, ორივე მხრიდან ღია თაღოვანი კარიბჭებია. აღმოსავლეთ აფსიდის სარკმლის მარჯვენა მხარეს კედელში არის ასომთავრულ წარწერიანი ქვა. იგი არასრულადაა წარმოდგენილი. მისი ნარჩენი ნატეხი, ძირში გათხრის შემდეგ აღმოაჩინეს. წარწერა დევი ბერძენიშვილმა შემდეგნაირაად წაიკითხა: 1. სახელითა ღმრთ[ისაჲთა] შე[წევნით] 2. ა სულის წმიდისა [ჲთა] [მეო] 3. ხებითა ყოვლად [წმიდისა] 4. ღმრთისმშობლისაჲთა ვიწყ[ე] [მე] 5. დიდმან ფანასკერტელმან   6. მან მეორედ განახლება [დ] [ამის] 7. [წმიდისა ღმრთისმშ[ობლის] 8. [ეკლესიი]სა [სულისა] [ჩუენისა] 9. [სახსრად] და სამლოცველოდ” პალეოგრაფიული ნიშნებით ზემოხსენებული წარწერა, შესაძლებელია დათარიღდეს XV-საუკუნით. როგორც მისი შინაარსიდან ვიგებთ, იგი ფანასკერტელს ხელმეორედ შეუკეთებია, ეს ყველაფერი კი იმაზე მიგვითითებს, რომ ტაძარი უფრო გვიანდელია. არქიტექტორული  თვალსაზრისით მისი დათარიღება XIII-საუკუნით არის შესაძლებელი. ტაძარი ამჟამად გადახურული კრამიტით, თუმცა გათხრების შედეგად აღმოჩენილია მოჭიქული კრამიტის ნაშთები. სავარაუდოა, რომ ტაძარი მოცისფრო მოჭიქული კრამიტით იყო გადახურული. #მარნეული #MarneuliDaily #ისტორია #ნაგებობა#წერაქვი