კორონავირუსის მეორე დადასტურებული შემთხვევა აფხაზეთში
Sokhumi Daily
კორონავირუსის ინფექციის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა აფხაზეთში. ქალბატონს, რომელსაც Covid 19-ი დაუდგინა პირველ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. ორივე მათგანი გაგრის მკვიდრია. ინფიცირებულები გუდაუთის საავადმყოფოში განათავსეს.
”ქალბატონი პირველია, ვისაც კონტაქტი ჰქონდა მოსკოვიდან ჩამოსულ მამაკაცთან და დაუდასტურდა COVID-19“, ამბობს გაგრის გამგებელი. ვლადიმერ ჟენიას განცხადებით, ის გუდაუთის საავადმყოფოში მოათავსეს. ეს ინფორმაცია დაადასტურეს ე.წ ოპერატიულ შტაბშიც. პაციენტები მუდმივი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ არიან.
გაგრის სანიტარული განყოფილების მთავარი ექიმის, გენადი ზვანბაიას განცხადებით პირველი კოვიდინფიცირებული თავს კარგად გრძნობს და მისი ავადმყოფობა საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება ქალბატონს, მისი დაავადება ასიმპტომურია.
ასევე დადგენილია იმ ადამიანების ვინაობა, ვისაც მოსკოვიდან ჩამოსულ ინფიცირებულ მამაკაცთან ჰქონდა კონტაქტი. როგორც ზვანბაიამ განმარტა დაახლოებით 20 ადამიანია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მათ შორის ახალდაქორწინებული წყვილი და ბავშვი.
”სამი ექიმი სახლში იზოლირებულია”, - დაამატა გაგრის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა. გაგრის სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სადგური, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, აგრძელებს ყველას ვინაობის დადგენას, ვისაც შესაძლებელია კონტაქტი ჰქონოდა ინფიცირებულთან.
#აფხაზეთი
#გაგრა
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#SokhumiDaily