სარჯველაძე მელიას საქმეზე: არც ერთ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება თავი სამართალზე მაღლა დააყენოს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
„ქართული ოცნების“ წევრი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ პროკურატურის გაფრთხილებას პოლიტიკურ დევნად არ მიიჩნევს. მისი თქმით, რეაგირება უნდა მოჰყვეს ისეთ ფაქტებს, რომლებიც სამართლის აღსრულებას ემსახურება:
"არცერთ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება, საკუთარ თავს მისცეს უფლება, რომ უფრო მაღლა დააყენოს საკუთარი თავი, ვიდრე სამართალი. შესაბამისად, რა თქმა უნდა რომ რეაგირება უნდა მოჰყვეს ისეთ ფაქტებს, რომელიც მიმართულია და არაფრად აგდებს ჩვენს მოქმედ სამართალს და შესაბამისად გადაწყვეტილებებს, რომელიც სამართლის აღსრულებას ემსახურება", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან კომენტარში.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში გირაოს გადაუხდელობის გამო დაიბარეს. უწყების თანახმად, დაბარების მიზეზი გაფრთხილებაა.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ მელიასთან ოქმის გაფორმება სურთ. ამ შეთანხმებით, მას უწყება 1-კვირიან ვადას მისცემს:
"განემარტება, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ექვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე".
საქმე ეხება 20 ივნისის საქმეს, რომელზეც მას ბრალი "ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის" მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით) აქვს წაყენებული.
ამ საქმეზე მელიას აღკვეთის ღონისძიება 2019 წლის 27 ივნისს შეუფარდეს - 30 ათასი ლარი და ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება. 2020 წლის 1 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე მელიამ აღკვეთის ღონისძიება დაარღვია, ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.
ამ მიზეზით მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად პროკურატურამ გირაოს 100 ათასი ლარამდე გაზრდა მოითხოვდა, სასამართლომ კი მხოლოდ 70 ათასი ლარით დააკმაყოფილა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31087608.html
#ახალი_ამბები
#twitter