აპირებს თუ არა ბაქრაძე ნაციონალურ მოძრაობაში დაბრუნებას?
Tbilisi Daily
ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ "მომავალ კონფიგურიაციაში დავით ბაქრაძისთვისაც მოიძებნება ადგილი, გიგი უგულავასთვისაც და ყველასთვის". ბაქრაძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიბრუნებაზე საუბარი არ არის.
ბაქრაძემ "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა, რომ ოპოზიციას საერთო ამოცანები აქვს და სააკაშვილმაც სწორედ ის იგულისხმა, რომ ამ ამოცანებში ყველას ადგილია.
"კონფიგურაცია, რასაც ის უწოდებს, არის საერთო ოპოზიციური ბრძოლა. აბსოლუტურად მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ არანაირი ფორმით საუბარი ნაციონალურ მოძრაობაში მიბრუნებაზე არ არის, არანაირი ფორმით ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებაზე და აფილირებაზე საუბარი არ არის. განსხვავებები, რაზეც დღემდე ვსაუბრობდით, ძალაშია" - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაქრაძემ 12 თებერვალს თქვა, რომ მომავალ პოლიტსაბჭოზე პარტიის თავმჯდომარეობაზე კანდიდატურას აღარ დააყენებს. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება პარტიის განახლების მიზანს უკავშირდება, რომლისთვისაც, მისი თქმით, ძველი ლიდერების მხრიდან პასუხისმგებლობის აღება და გვერდზე გაწევაა აუცილებელი.
"მე არ მივდივარ ოპოზიციური ფლანგიდან. მე არ ვცვლი პოზიციებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მნიშვნელოვანია"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ.
ბაქრაძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას მომავალ პოლიტსაბჭოს სხდომამდე დაიკავებს, რაც, მისი თქმით, პარტიის შინაგანაწესის მიხედვით, 2 თვეში უნდა გაიმართოს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები