„ბევრმა მოიჯარემ განცხადებით ვერ მოგვმართა " -ბათუმის მერია
Batumi Daily
მოიჯარეებს, რომლებიც ბათუმის მუნიციპალური ქონებით სარგებლობენ, უფლება ექნებათ იჯარის ხელშეკრულებებში კორონავირუსის პანდემიის გამო ცვლილებების შესატანად მერიას განცხადებით 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიმართონ. ცვლილება მოიჯარეებისთვის ითვალისწინებს შეღავათს, რაც ქირის, საზღაურის და სხვა გადასახადების შემცირებას გულისხმობს.
ცვლილება საკრებულოს მიერ 30 აპრილს მიღებულ დადგენილებაში შედის. ამ დადგენილებით, მოიჯარეებს, რომლებსაც პანდემიის გამო შეჩერებული ჰქონდათ საქმიანობა, ხელშეკრულებებში ცვლილების შესატანად მერიისთვის განცხადებით უნდა მიემართათ „პირველი ვადამოსული სარგებლობის საფასურის გადახდის თარიღამდე“.
„ბევრმა მოიჯარემ განცხადებით ვერ მოგვმართა იმ დრომდე, ვიდრე არ დადგა მათი გადასახადის გადახდის დრო. ბევრს ალბათ ინფორმაცია არ ჰქონდა, ბევრი ადგილზე არ იყო, ან არასწორად გაიგო და ამიტომ ამ შეღავათით ვერ ისარგებლებდნენ. მუშაობა ფაქტობრივად გაჩერებული ჰქონდათ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ მათ მიერ განცხადების წარმოდგენის თარიღი შეგვეცვალა და ყველასთვის 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განგვესაზღვრა. სწორედ ეს თარიღი უნდა შეიცვალოს აპრილის დადგენილებაში. სხვა ყველაფერი რჩება უცვლელი. ცვლილება საკრებულომ უნდა დაამტკიცოს“, – გვითხრა დავით კოპინაძემ, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.
საკითხს ბათუმის საკრებულო 31 ივლისის სხდომაზე განიხილავს.
საკრებულოს დადგენილებით, მოიჯარის მხრიდან ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე განცხადების არარსებობა, განიხილება „ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებისადმი მისადაგებაზე“ უარის თქმად და სახელშეკრულებო ურთიერთობები გაგრძელდება არსებული პირობებით. ანუ, მოიჯარე შეღავათით ვერ ისარგებლებს.
შეღავათით, წლიურ საფასურს ჯამში გამოაკლდება თანხა იმ თვეებზე გადაანგარიშებით, რა თვეებშიც მოიჯარეს შეჩერებული ჰქონდა საქმიანობა პანდემიის გამო.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#დღისსიახლეები
#batumidaily
წყარო - batumelebi.ge
#ახალიამბები