PCR ტესტის გაკეთება 30 ლაბორატორიაშია შესაძლებელი

Tbilisi Daily

საქართველოში 30 ლაბორატორიაა, რომელიც PCR ტესტს აკეთებს და დღეში საშუალოდ 10 ათასამდე PCR ტესტი კეთდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ასევე ჩაერთო ანტიგენის სწრაფი ტესტი. „ანტიგენის სწრაფი ტესტი არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებული, ევროპის ქვეყნებმა უკვე დაიწყეს მილიონობით სწრაფი ტეტის შესყიდვა. საბედნიეროდ, ჩვენ ეს სწრაფი ტესტები გაქვს და გვაქს იმ ორიდან, რომელიც რეკომენდებულია და მაღალი ხარისხის სამხრეთ-კორეულია. ამ ტესტის მთავარი მოგება არის ის, რომ ის სწრაფად და იგივე სიზუსტით იძლევა პასუხს, როგორც PCR ტესტი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. საქართველოში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 63 650 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 47 390-ს შეადგენს. გარდაიცვალა 521 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.