ამ ეტაპზე პიროვნებასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები - ვაჟა სირაძე ვარკეთილის სპეცოპერაციაზე
Pirveliradio Ge
საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მამაკაცთან, რომელიც ვარკეთილში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ამ ეტაპისთვის, მოგეხსენებათ პიროვნება შეიარაღებულია, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში. არის ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც რამდენიმე გასროლა მოახდინა უმისამართოდ. სამართალდაცავი ორგანოების წარმომადგენლები სრულად მობილიზებული არიან პერიმეტრზე, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. ამ ეტაპისთვის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც პირადად, ასევე სატელეკომუნიკაციო საშუალებებით. დაშავებული არავინაა და კონკრეტულად არავის მიმართ განუხორციელებია გასროლა. ოჯახის წევრები არიან უსაფრთხო მდგომარეობაში, მარტო არის ჩაკეტილი“, - განაცხადა სირაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე სპეცრაზმი და პოლიციაა მობილიზებული. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა კაცია ჩაკეტილი. კაცს თან აქვს იარაღი, საიდანაც მან რამდენჯერმე გაისროლა.
http://pirveliradio.ge/?newsid=144979