პირველი მაღალი რანგის სტუმარი საქართველოში პანდემიის შემდეგ
Tbilisi Daily
პანდემიის შემდგომ პირველი ოფიციალური, მაღალი რანგის სტუმარი რომელიც ორშაბათს საქართველოში ჩამოვა, უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იქნება. ამის შესახებ „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.
უნგრელ დიპლომატს საკარანტინო სივრცეში არ გადაიყვანენ, რადგან ოფიციალურ პირებზე ეს რეგულაცია არ ვრცელდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის პირველი მაღალი დონის ოფიციალური პირი, რომელიც საქართველოს პანდემიის დაწყების შემდეგ ეწვევა.
ის არის საქართველოს დიდი მეგობარი, ჩემი პირადი მეგობარიც და ჩვენ გვქონდა ასეთი მოლაპარაკება, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პანდემია აქტიურად იყო და მსოფლიო ბრძოლის პროცესში იყო, ის დამპირდა, რომ იქნებოდა პირველი, რომელიც ეწვეოდა საქართველოს. უნგრეთი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერი, თავად მინისტრი პიტერ სიიარტო კი ის არ უშვებს არც ერთ შესაძლებლობას მაღალი დონის ფორუმებზე, რომ არ გააკეთოს საქართველოს მხარდამჭერი განცხადება.
იქნება საუბარი ქვეყნებს შორის მიმოსვლაზე და იმაზე, რომ უნგრეთი და საქართველო ყველაფერს გააკეთებენ, რათა ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა აღდგეს და ბუნებრივია, ეს ვიზიტიც ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.