როგორ ააფეთქეს მსოფლიოში უდიდესი ატომური ბომბი - სკანდალური საარქივო ჩანაწერი

Tbilisi Daily

როსატომმა — რუსეთის სახელმწიფო ბირთვული ენერგიის კორპორაციამ — ცოტა ხნის წინ აქამდე უცნობი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც საბჭოთა კავშირის 1961 წლის ცარ-ბომბის ტესტირება ჩანს. ცარ-ბომბა წყალბადის ბომბია და ის ყველა დროის ყველაზე ძლიერი ბირთვული იარაღია, რომელიც კაცობრიობას შეუქმნია და დაუტესტავს. 40-წუთიან დოკუმენტურ ფილმში — რომელიც რუსულადაა, თუმცა ინგლისური სუბტიტრებიც აქვს — ბომბის ინჟინერიისა და დიზაინის დეტალებზეა საუბარი. ცხადია, ვიდეოში ის მომენტიცაა, როდესაც 1961 წლის შემოდგომაზე რუსეთის ჩრდილოეთის სუსხიან სიღრმეებში ცარ-ბომბა ააფეთქეს. დოკუმენტური ფილმი საბჭოთა პერიოდის პროპაგანდის სტილშია გადაღებული — სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ბევრი გაბრაზებული კაცით, რომლებიც რუკებზე მიუთითებენ — და იმის გათვალისწინებით, რომ ის თითქმის 60 წლის წინ გადაიღეს, ჩანაწერი გასაოცრად ხარისხიანია. მისი სრულად ნახვა ქვემოთ შეგიძლიათ. ცარ-ბომბა, რომელსაც ოფიციალურად АН602 ეწოდება, ითარგმნება, როგორც "ბომბების მეფე". მას ასევე ბევრი სხვა მეტსახელი და კოდური სახელი ჰქონია, მათ შორის "დიდი ივანი", "პროექტი 7000", JOE 111 და "კუზკას დედა" (რუსული გამოთქმა, რომელიც ბრუტალური გზით ჭკუის სწავლებას ნიშნავს). ბომბის სიმძლავრე 50 მეგატონაზე მეტს შეადგენდა, რაც ჩვეულებრივი ასაფეთქებელი საშუალებების 50 მილიონ ტონას უთანაბრდება. BBC Future-ის ცნობით, ეს 10-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს დახარჯული მთელი სამხედრო აღჭურვილობა, და 1 500-ჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბები ერთად. https://www.youtube.com/watch?v=nbC7BxXtOlo&feature=share #პოლიტიკა #ახალიამბები