დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან
Batumi Daily
ხმაური იყო ბათუმში - აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების აქციას ქობულეთის სოფელ ციხისძირის მოსახლეობაც შეუერთდა. მათ სასმელი წყალი თვეებია არ მიეწოდებათ, რის გამოც, შეხვედრა მოითხოვეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. თორნიკე რიჟვაძე არ გამოჩენილა, ამან კი კონფლიქტი გამოიწვია.
ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, მოქალაქეებმა დახმარება სთხოვეს, რადგან ის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია.
''ციხისძირის მოსახლეობას და ზოგადად მოსახლეობას აქვს პრობლემები, მაგრამ მთავრობის თავმჯდომარე და თვითმმართველობები არიან შეყუჟული სადღაც ვირთხებივით სოროებში და ამ ადამიანებს პრობლემებს არ და ვერ უგვარებენ. ჯერ მოქალაქეებს არ უშვებდნენ, რომ საკუთარი პრობლემების შესახებ მოეკითხათ, მერე მთხოვეს მე, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს , მოვიკითხო რადგან ვერ არკვევენ თვითონ და ამას მოჰყვა დაპირისპირება.
სამთავრობო დაცვის ხელმძღვანელი გამოვიდა და უკვე 5 წუთი გავიდა და უნდა გაარკვიოს თუ მიმიღებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თუ დრო სჭირდება იმისთვის, რომ გადაწყვიტოს მიიღოს თუ არა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მოსახლეობის პრობლემის გადასაწყვეტად, მაშინ არ გვყავს ზოგადად ხელისუფლება." - განაცხადა მან.
აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან სავაჭრო ჯიხურებს განათავსებენ იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ივაჭრონ და საკუთარი პროდუქცია გაყიდონ.
აჭარის მთავრობის შენობასთან ათობით სამართალდამცველი იმყოფება. ოპოზიციური პარტიის წევრი ბონდო თედორაძის განცხადებით, დღეს თორნიკე რიჟვაძეს პიკეტირებას პოლიცია უკეთებს.
''თორნიკე რიჟვაძე საერთოდ არ გამოდის კონტაქტზე და არ იღებს პასუხისმგებლობას იმ გაყალბებულ არჩევნებზე და ათას პრობლემაზე, რომელიც დაგროვდა. დღეს გადავწყვეტეთ შევხვედროდით. თუ ის არ მოდის ჩვენთან, ჩვენ მივიდეთ მასთან. მაგრამ ხედავთ რამდენი პოლიცია ყავს მობილიზებული. ამას გინდა პიკეტირება ერქვას და გინდ არა. ჩვენ გვინდა შეხვედრა. თუ აქ ბევრი სამართალდამცველი იქნება გამოდის, რომ ისინი აკეთებენ პიკეტირებას. ამდენი ადამიანი რატომ არის, ვინმე შეიარაღებულ თავდასხმას აპირებს? პიკეტირებას დღეს რიჟვაძეს უკეთებს პოლიცია, ჩვენ ვართ აქციის მონაწილეები, რომლებსაც უბრალოდ საუბარი გვინდა და მთავრობის თავმჯდომარე არ გვხვდება'' - განაცხადა ბონდო თედორაძემ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მთავრობის შენობის ბლოკირებას დაიწყებენ, თუ თორნიკე რიჟვაძე შეხვედრაზე უარს იტყვის.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები მთავრობის სახლის წინ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს 24 საათიან რეჟიმში მართავენ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში