საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება, არავის ეგონოს, რომ წყვეტა იქნება - ირაკლი სესიაშვილი

Tbilisi Daily

ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა აუცილებლად გაგრძელდება და ამას საზოგადოებაც მხარს უჭერს. საპარლამენტო უმრავლოესობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელბას სრულად უჭერს მხარს და მას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთად გამოაცხადებენ. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე პარლამენტში კენჭისყრა 22 აპრილს გაიმართება. მანამდე პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის დეკრეტს გამოსცემს. შევა თუ არა ცვლილებები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დადგენილ იმ ნორმებში, რომლებიც ქვეყანაში დღეისათვის მოქმედებს, ეს პრეზიდენტის დეკრეტის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი. „რაც შეეხება პროცედურებს, პრეზიდენტი და პრემიერი ხელმოწერებით გამოაცხადებენ საგანგებო მდგომარეობას. პარლამენტი კი ოთხშაბათს სესიაზე ამას მხარს დაუჭერს. მინდა, საზოგადოებას ასევე აუხსნა, რომ არ ეგონოს ვიღაცას, უკვე აქამდე მოქმედი საგანგებო მდგომარეობა რაღაც წყვეტას განიცდის. არა, როგორც კი პრეზიდენტი და პრემიერი ხელს მოაწერენ ამ ბრძანებას, ის დაუყოვნებლივ ძალაში შედის და შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ გრძელდება საგანგებო მდგომარეობა, ამიტომ ვინმეს არ ეგონოს, რომ რაღაც წყვეტაა და მათ გარკვეული უფლებები აღუდგებათ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. #კორონავირუსი #საგანგებომდგომარეობა #ირაკლისესიაშვილი #tbilisidaily