ერთი ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა ძალადობაა - ლომჯარია ზურაბიშვილზე
Pirveliradio Ge
ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად იქნება, ძალადობა ძალადობაა და ეს კრიმინალია, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი პრეზიდენტის განცხადებას გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მან „ვაჟკაცობა ერთი-ერთზე იცის“. ლომჯარიას თქმით, არ უნდა მოხდეს ძალადობის რომანტიზება და მაღალი პოლიტიკური პირების გზავნილები მნიშვნელოვანია.
„განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებსა და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი-ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება, მნიშვნელოვანია, რა გზავნილებს გაავრცელებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. მე ვფიქრობ, ეს მესიჯი ასე აღიქმება, რომ თუ ერთი-ერთზე იქნება ფიზიკური დაპირისპირება ეს უფრო მისაღებია და ჯდება ქართულ ტრადიციებში. ეს მსოფლმხედველობა შესაცვლელია. საზოგადოებაში შესაცვლელია წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობა, ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, არის კრიმინალი. ვაჟკაცობა ვლინდება სხვა ღირებულებებში - სიყვარულში, დაჩაგრულის დაცვასა და ა.შ.“, - განაცხადა ლომჯარიამ.
საქართევლოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯგუფური ძალადობა არაქართულია და მან ვაჟკაცობა იცის ერთი-ერთზე.
"მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, ძალიან არაქართული და მგონია, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.