ფინეთი კორონავირუსის პრევენციისთვის სამ ქვეყანასთან სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს
Tbilisi Daily
ფინეთი 27 ივლისიდან სამ ქვეყანასთან სასაზღვრო კონტროლს გაამკაცრებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Yle წერს.
გამოცემის ცნობით, სასაზღვრო კონტროლი მკაცრდება ავსტრიასთან, შვეიცარიასთან და სლოვენიასთან. ამ ქვეყნის მოქალაქეები მკაცრ სასაზღვრო კონტროლს გაივლიან და ფინეთში შესვლის შემთხვევაში 14 დღე კარანტინში ყოფნა მოუწევთ.
ფინეთის გადაწყვეტილების მიზეზი ავსტრიაში, შვეიცარიასა და სლოვენიაში ეპიდსიტუაციის გაუარესება გახდა.
ამ ქვეყნების გარდა სასაზღვრო კონტროლი შენარჩუნდება პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან, ლუქსემბურგიდან, ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან და პორტუგალიიდან ჩასულ მოგზაურებისთვის.
ამასთან ფინეთმა სასაზღვრო კონტროლი გააუქმა 9 ქვეყნისთვის, რომლებიც შენგენის ზონაში არ შედიან. მათ შორისაა, საქართველო, იაპონია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ტუნისი, ურუგვაი, რუანდა, ტაილანდი და ახალი ზელანდია.
ფინეთის კრიტერიუმით, „მწვანე ზონაში“ ექცევა ის ქვეყნები, სადაც ბოლო 14 დღეში COVID19-ის ინფიცირების 8 შემთხვევაზე მეტი არ ფიქსირდება.
ფინეთის ხელისუფლებამ 14 მაისისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.