ირანის ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებულ რეალურ მონაცემებს მალავს - BBC-ის ანგარიში
Interworld
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსით რეალურად გარდაცვლილთა რიცხვი, ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით, სამჯერ მეტია. აღნიშნულის შესახებ BBC-ის ირანული სამსახურის მიერ მოძიებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი.
BBC-მ შეძლო ე.წ. დახურული დოკუმენტების მოძიება, სადაც მითითებულია რომ COVID19-ის სიმპტომებით თითქმის 42 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ეპიდემიას 14 405 პირი ემსხვერპლა. ამავე უწყების მიერ გაჟღერებული ცნობებით ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვიც განახევრებულია - 279 000-ის მაგივრად 451 000, მაგრამ ამ ინფორმაციითაც ირანის ისლამური რესპუბლიკა, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, კორონავირუსით დაავადებულთა და დაღუპულთა საერთო რაოდენობით „პირველ ადგილზეა“.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე, ქვეყანაში ინფექციის ახალი ზრდა დაფიქსირდა.
BBC-ის მიერ გამოკვლეული დოკუმენტებით, ირანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ 22 იანვარს დაფიქსირდა და ეს ოფიციალურად დადასტურებულ პირველ შემთხვევამდე თითქმის ერთი თვით ადრე მოხდა. იმ დროს, ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე COVID19-ის არცერთი შემთხვევა იყო, ადგილობრივი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და ექიმების მხრიდან გაჟღერებული გაფრთხილებების მიუხედავად.
კითხვები ირანის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მონაცემებზე, ჯერ კიდევ დაავადების საწყის ეტაპზევე გაჩნდა. საკითხის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ის შეუსაბამობები, რომლებიც ცენტრალური და ლოკალური/რეგიონული ორგანოების მიერ გამოქვეყნებულ ციფრებს შორის არსებობდა.
ზოგადად, გლობალურ დონეზე, ინფიცირებულთა და დაღუპულთა შესახებ მონაცემები არასრულია, რადგან ეს ტესტირების დონეზეა დამოკიდებული.
ამასთან, ირანის ხელისუფლება საჯაროდ აჟღერებდა იმ მონაცემებს, რომელიც მათივე უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, რაც ცნობების „განზრახ დამახინჯებას“ გულისხმობს.
საიდან აქვს BBC-ის ეს მონაცემები?
ბრიტანულმა გამოცემამ დახურული დოკუმენტები ანონიმური წყაროსგან მიიღო. აღნიშნული მოიცავს მონაცემებს ქვეყნის ტერიტორიაზე ჰოსპიტალიზებულთა ვინაობის, სქესის, ასაკის, არსებული სიმპტომებისა და კონკრეტულ საავადმყოფოში თითოეული ადამიანის გატარებული პერიოდის თაობაზე.
ანონიმურმა წყარომ BBC-ის განუცხადა, რომ სურს დააფიქსიროს ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობა და დაინტერესებულ საზოგადოებას დაანახოს პანდემიით გამოწვეული „პოლიტიკური თამაშების“ რეალური არსი.
რაზე მიუთითებს ეს მონაცემები?
BBC-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ირანის დედაქალაქ თეირანში დაღუპულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - 8 120 ადამიანი გარდაიცვალა COVID19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსით 2 000 უცხოელი დაიღუპა. ეს სავარაუდოდ იმითაა გამოწვეული, რომ მიგრანტები და ლტოლვილები (ძირითადად მეზობელი ავღანეთიდან) პანდემიის პროცესში ყველაზე ნაკლებად დაცულ ჯგუფს წარმოადგენენ.
ვინ დაიწყო პირველად ამ თემაზე საუბარი?
იმ ირანელმა ექიმებმა, რომელთაც რეალურ ინფორმაციაზე წვდომა აქვთ BBC-ის განუცხადეს, რომ ადგილობრივ ჯანდაცვის სამინისტროზე ზეწოლას სპეცსამსახურები და დაზვერვა ახორციელებენ.
BBC-სთან საუბარში ექიმმა „პულადიმ“ (ფსევდონიმი) აღნიშნა, რომ ჯანდაცვის უწყება არსებული კრიზისის უგულებელყოფას ცდილობს.
„თავდაპირველად მათ საკმარისი რაოდენობის ტესტი არ ჰქონდათ, მაგრამ როდესაც მიიღეს აღჭურვილობა, მას არასაკმარის დონეზე იყენებდნენ. სპეცსამსახურების პოზიცია არის ის, რომ ირანში კორონავირუსის არსებობა იქნას უარყოფილი“, - განაცხადა „პულადიმ“.
რატომ მალავენ რეალურ ციფრებს?
ირანში კორონავირუსული პანდემიის წარმოშობა 1979 წელს მომხდარი ისლამური რევოლუციის 40 წლის იუბილეს და ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დაემთხვა.
ხელისუფლებამ ზემოხსენებული მოვლენები აღიქვა ადგილობრივ საზოგადოებაში მათი პოპულარობის დემონსტრირების შესაძლებლობა, მაგრამ ეპიდემიამ საფრთხე შეუქმნა მათ გეგმებს.
ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებდა, რომ COVID19 შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო დაგეგმილი არჩევნების ჩასაშლელად. ეს არჩევნები მართლაც ძალიან დაბალი აქტივობით ჩატარდა. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებამდეც, ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური მდგომარეობა უკიდურესად რთული იყო.
2019 წლის ნოემბერში წამოწყებული საპროტესტო ტალღა, რომელიც ბენზინზე ფასების მატებას მოჰყვა, სასტიკად იქნა ჩახშობილი. დარბევებს ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
2020 წლის იანვარში შეერთებულმა შტატებმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ე.წ. ყუდსის ძალების ხელმძღვანელის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია განახორციელა. ამას დაემატა ირანის შეიარაღებული ძალების მხრიდან უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის „შემთხვევითი“ ჩამოგდება, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივ საზოგადოებაზე და პოლიტიკურ ელიტაზე მძიმედ იმოქმედა აშშ-ის მხრიდან ოფიციალურ თეირანზე დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმაც.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ მათი მხრიდან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის (WHO) გაგზავნილი, კორონავირუსთან დაკავშირებული მონაცემები სრულად „გამჭვირვალეა“ და რაიმე სახის უზუსტობებს არ შეიცავს.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Iran #Coronavirus #COVID19 #BBC #report #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა