ფაშინიანი: სომხეთი რუსეთის წინადადებაზე მუშაობისთვის მზადაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა რუსეთის წინადადებაზე იმუშაოს, ამის შესახებ მან ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. ფაშინიანის თქმით, სექტემბრის დასაწყისში ერევანი დათანხმდა "იმუშაოს ძირითად საერთაშორისო პრინციპებსა და პარამეტრებზე დაყრდნობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დამყარებაზე, რომელიც რუსეთმა წარმოადგინა". ფაშინიანმა დაწერა, რომ „[სომხეთი] მზადაა, ეს სოჭში დაადასტუროს“.   „ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი თავის წინადადებებს მხარს დაუჭერს“, - დაწერა სომხეთის სახელმწიფოს მეთაურმა. სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა სოჭში 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი. სომხეთმა თავისი მონაწილეობა დაადასტურა, აზერბაიჯანულ მხარეს რუსეთის პრეზიდენტის მიწვევაზე ჯერჯერობით საჯარო პოზიცია არ გამოუხატავს. ამასთან, სომხეთში იმყოფება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი. ამის შესახებ თავად ევროპელმა დიპლომატმა Twitter-ზე განაცხადა, ვიზიტის მიზნების დაკონკრეტების გარეშე.   ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ერევანსა და ბაქოში იმყოფებოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის 13-14 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ. ევროკავშირის შუამავლობით პრაღაში ოქტომბრის დასაწყისში გაიმართა ოთხმხრივი შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ აღინიშნა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლოა, წლის ბოლომდე გააფორმონ. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ სომხეთის მხრიდან „კეთილი ნების“ შემთხვევაში, ამ წლის ბოლომდე ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას. ამის შესახებ ალიევმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს განუცხადა პრაღაში, სადაც 6 ოქტომბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შუამავლობით შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. შეხვედრა ევროკავშირის მიერ ინიციირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში გაიმართა. პრაღაში შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტვიტერზე დაწერა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს ერთგულება გაეროს წესდებისა და ალმა-ატის 1991 წლის დეკლარაციისადმი, რომლითაც აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. 2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი". 2022 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლდა შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შედეგად, ორივე მხრიდან დაიღუპა 200-ზე მეტი სამხედრო.     https://www.radiotavisupleba.ge/a/32105280.html

Source: radiotavisupleba.ge