თურქების დამოკიდებულება აშშ-სა და რუსეთის მიმართ

Interworld

თურქეთის რესპუბლიკის მოსახლეობის დამოკიდებულება სხვადასხვა სახელმწიფოების მიმართ ძალზედ ცვალებადია. ის სუბიექტი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით მოკავშირედაა აღქმული, ხვალ შეიძლება მოწინააღმდეგედ იქცეს. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური ანკარას უმთავრესი მოკავშირე შეერთებული შტატებია, თურქეთის რიგითი მოქალაქეები მთავარ საფრთხედ (არამხოლოდ მათთვის, არამედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის) სწორედ აშშ-ის აღიქვამენ. ტრადიციულ, ისტორიულ მოწინააღმდეგეებს შორის საბერძნეთი და სომხეთი სახელდება, ხოლო მოკავშირედ და მოძმე ერად - აზერბაიჯანი. ანკარასა და მოსკოვს შორის წარმოშობილი რეგიონალური დაპირისპირების შედეგად, რუსეთის მიმართ თურქი მოსახლეობის დამოკიდებულება შეიცვალა. თურქეთის ტერიტორიაზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ რიგითი თურქების ნდობა რუსეთის მიმართ კლებადია, ხოლო პარალელურად მატულობს აშშ-ის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება. სტამბოლის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვით (Turkish Foreign Policy Public Perceptions) გამოჩნდა, რომ რუსეთის მიმართ მხარდაჭერა 14 პუნქტით შემცირდა, ხოლო გასულ წელთან შედარებით, ამ ქვეყნის, როგორც „მტრის“ აღქმა 44,2%-დან 55%-მდე გაიზარდა. შესაბამისად, იმ მოსახლეობის წილი, რომელიც აშშ-ის ასახელებს მთავარ საფრთხედ, 11%-მდე შემცირდა. წარსულში, შეერთებული შტატების, როგორც „საფრთხის“ აღქმა, გამოწვეული იყო ოფიციალური ვაშინგტონის ახლო აღმოსავლური პოლიტიკის და მისი თანამშრომლობით ქურთებთან (PYD და SDF). გამოკითხულთა 27,2%-სთვის აშშ-ის მხრიდან ქურთებთან დაკავშირებული პოლიტიკა კვლავ საფრთხეს წარმოადგენს თურქეთისთვის. ოფიციალური ანკარა, რეგიონში მცხოვრებ ქურთულ ჯგუფებს ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებს, ხოლო შეერთებული შტატებისთვის ისინი სირიის კონფლიქტში მთავარ საყრდენს წარმოადგენენ. თურქეთსა და აშშ-ის შორის არაერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მაგრამ ტრამპსა და ერდოღანს შორის არსებული პოზიტიური პერსონალური დამოკიდებულება ზემოთ აღნიშნულს ანეიტრალებს. 7 ივნისს, შეერთებული შტატებისა და თურქეთის პირველი პირების სატელეფონო საუბრის შემდეგ, თურქმა ლიდერმა განაცხადა, რომ ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობები „ახალ ფაზაში“ შედის. როგორც ცნობილია, ლიბიის საკითხზე (რუსების წინააღმდეგ) არსებულმა ინტერესთა კონფლიქტმა, გადამწყვეტი როლი ითამაშა თურქების დამოკიდებულებაზე. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას, ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთგაგების რამდენიმე საკითხი არსებობს, იმის მიუხედავად, რომ ისინი სირიისა და ლიბიის კონფლიქტებში საპირისპირო მხარეებს უჭერენ მხარს. ზოგადად თურქეთი აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და ოფიციალურ ანკარას არ სურს „ვაშინგტონის ორბიტიდან გასვლა“. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (ნატო) მხარდაჭერა. ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ თურქი მოსახლეობის მხარდაჭერა და ნდობა ალიანსის მიმართ გაიზარდა და მოქალაქეებს არ სურთ, რომ რესპუბლიკამ ეს ორგანიზაცია დატოვოს. ნატოს დატოვებით, მოიმატებს საფრთხეები და ხელისუფლებას ამ რისკზე წასვლა არ სურს. გამოკითხვებით დადგინდა, რომ პრობლემები არსებობს იდენტობის საკითხზეც. მოქალაქეების ნაწილი, რომელიც თვლის, რომ თურქეთი „მუსლიმური სახელმწიფოა“, 34%-ით შემცირდა. (2018 წელს 56,3% იყო, ხოლო 2020-ში 22,4%-ია). ზემოხსენებული არაბული სამყაროსთან ურთიერთობებისას მიღებულმა იმედგაცრუებამ გამოიწვია. სირიისა და ლიბიის კრიზისების გამო, როგორც კონკრეტული ახლო აღმოსავლური სახელმწიფოების მხრიდან, ასევე „არაბთა ლიგის“ ტრიბუნიდან, არაერთხელ გაისმა თურქული პოლიტიკის მწვავე კრიტიკა. ამ ყველაფერს დაემატა ერდოღანისა და მმართველი AK პარტიის „ჩავარდნები“ როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაში, რის გამოც მოსახლეობა მსგავსი განწყობა ჩამოყალიბდა. მომზადებულია ქამრან ოსმანლის მიერ. #Turkey #Russia #USA #survey #poll #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com