რატომ დადიან გაუმართავი მანქანები საქართველოში - აუდიტის სამსახური მიზეზებზე საუბრობს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ტექინსპექტირების სავალდებულო წესის ამოქმედების მიუხედავად საქართველოში გაუმართავი მანქანები მოძრაობენ. გაუმართავი მანქანების შემოწმებისა და დაჯარიმების სისტემა კი ვერ უზრუნველყოფს კანონის ამ მოთხოვნის სრულყოფილად დაცვას. ესაა ის ძირითადი მიგნებები, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ტექინსპექტირების საკითხის 2018-2020 წლის პრაქტიკაზე დაყრდნობით გამოავლინა. 2020 წელს ტექინსპექტირების გავლა უწევდა 1 250 787 მანქანას, მათგან მხოლოდ 41 პროცენტი მივიდა შესამოწმებლად (გაიარა 38%-მა). უფრო მაღალი მაჩვენებელი იყო 2019 წელს. შეუმოწმებელი მანქანების გამოსავლენად საქართველოს მასშტაბით 559 ე.წ. ჭკვიანი კამერა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს დააყენებული, თუმცა, როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, უწყებას ავტომატურად არ შეუძლია აღმოაჩინოს მწყობრიდან გამოსული ვიდეოკამერები - "[შემოწმება] კამერების სიმრავლის გამო სისტემატურად ვერ ხორციელდება". სწორედ ე.წ. ჭკვიანი კამერები გამოიყენებოდა 2019-2020 წლებში იმ მანქანების აღმოსაჩენად, რომელსაც ინსპექტირება არ ჰქონდა გავლილი. იმის მიუხედავად, რომ 2020 წელს ტექინსპექტირება მანქანების 62 პროცენტს გავლილი არ ჰქონდა, ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა მხოლოდ 19 პროცენტის დაფიქსირება შეძლო. უკეთესი მაჩვენებელი იყო 2019 წელს. "წარმოდგენილ მაჩვენებლებს გააჩნიათ გაუმჯობესების პოტენციალი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეფორმის მიზნის სრულყოფილად მიღწევას", - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. კიდევ ერთ მიზეზად, რაც შეიძლება ქუჩებში გაუმართავი მანქანების მოძრაობა იყოს, ჯარიმების მოცულობა და მისი დაკისრების პერიოდულობაა დასახელებული. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით" ტექინსპექტირების არმქონე მანქანით გადაადგილებისთვის ადამიანი 50 ლარით ჯარიმდება, კომპანია კი 200 ლარით. ჯარიმა განმეორებით იწერება მხოლოდ 30 დღის გასვლის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეს მაქსიმუმ 600 ლარად, კომპანიას კი 2400 ლარად შეუძლია იაროს მთელი წლის განმავლობაში გაუმართავი მანქანით. "[ამ თანხით მძღოლს] ეძლევა გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შესაძლებლობა, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალების გამართულ მდგომარეობაში მოყვანა ხშირ შემთხვევაში შესაძლოა არსებითად აღემატებოდეს ზემოაღნიშნულ თანხებს", - წერია აუდიტის დასკვნაში. საკითხის შესწავლის შემდეგ აუდიტის სამსახურმა რამდენიმე ხარვეზი აღმოაჩინა, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით, გზებზე ფიზიკური კონტროლის პროცესს გააჩნია ნაკლოვანებები, ხოლო გამონაბოლქვთან დაკავშირებით − პრაქტიკულად არ ხორციელდება. იმის გამო, რომ არ არის დანერგილი გზისპირა ინსპექტირების მექანიზმები, რამდენიმე სახის რისკი წარმოიშობა. მათ შორის, ინსპექტირების გავლისთვის მძღოლები სხვადასხვა ნაწილებს თხოულობენ ანდა იყენებენ სხვადასხვა მექანიზმებს გამონაბოლქვში კვამლიანობის დროებით გასაქრობად. https://www.radiotavisupleba.ge/a/31929772.html

Source: radiotavisupleba.ge