ბათუმში ანტირასისტული ინსტალაციის წარწერა შავი საღებავით გადაშალეს

Pirveliradio Ge

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის კედელზე, სადაც ხშირად ნახავთ მხატვრობით გამოხატულ პროტესტს საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე, ახალი ინსტალაცია – Black Lives Matter [შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია] გაჩნდა, თუმცა ინსტალაციის სლოგანი განთავსებიდან 2 საათში გადაშალეს შავი საღებავით. ინსტალაცია ანონიმ მულტიმედია არტისტს, BIIMO-ს ეკუთვნის, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს ხშირად ეხმაურება ვიზუალური ხელოვნებით. როგორც BIIMO-მ „ბათუმელებს“ უთხრა, ამ ინსტალაციების მიზანი მოვლენების კრიტიკულად შეფასებით ადამიანების კომფორტის ზონიდან გამოყვანაა. BIIMO მიიჩნევს, რომ რასიზმი არ არის მხოლოდ აშშ-ის პრობლემა და ის ყველგან გვხვდება, მათ შორის, საქართველოშიც. „სამწუხაროდ საქართველოშიც გვაქვს რასიზმის და დისკრიმინაციის ფაქტები, რასაც, ვფიქრობ, სათანადო ყურადღება არ ეთმობა ან გადაფარულია სხვა თემებით. მეც შევსწრებივარ რასიზმის შემთხვევებს საჯარო სივრცეში, კიდევ უფრო სამწუხაროდ – ახალგაზრდების მხრიდან. ამის გამოხატულებაა თუნდაც ის, რომ ინსტალაციის განთავსებიდან 2 საათში წარწერა – Black Lives Matter შავი საღებავით გადაფარეს. იმედი მაქვს, რამდენიმე დღე მაინც გაჩერდება ეს წარწერა კედელზე, თუმცა სანამ ბათუმში ვიქნები, წარწერას განვაახლებ,“-გვითხრა BIIMO-მ. ანონიმი ავტორი მიიჩნევს, რომ რასიზმის პრობლემაზე ღიად უნდა ვისაუბროთ. „ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ღიად დააფიქსიროს, რომ რასიზმი და დისკრიმინაცია ნებისმიერი ფორმით არის დაუშვებელი, აწარმოოს კამპანიები ცნობიერების ამაღლებისთვის და მოახდინოს ეფექტური რეაგირება სხვადასხვა ფაქტებზე“- ამბობს BIIMO. აზრის გამოსახატად BIIMO ხშირად მიმართავს მულტიმედიურ საშუალებებს – ქანდაკებებს, სტრიტ არტს, კომპიუტერულ ხელოვნებას და მუსიკას. წყარო,ფოტო: "ბათუმელები" http://pirveliradio.ge/?newsid=145451