ავტორიტეტიანი ამერიკული გამოცემა ტრამპს გადადგომას ურჩევს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

„დონალდ ტრამპის ბოლო დღეები“, - ამ სათაურით The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სარედაქციო საბჭოს წერილი. ავტორიტეტიანი ამერიკული გამოცემა მიიჩნევს, რომ ტრამპისთვის საუკეთესო გამოსავალი გადადგომაა, რათა აშშ-ს თავიდან ააცილოს კიდევ ერთი ბრძოლა იმპიჩმენტისთვის. გავლენიანი გამოცემა წერს, რომ გადადგომით და ვიცე-პრეზიდენტ პენსისთვის უფლებამოსილების გადაცემით, ტრამპი შეაჩერებს თეთრი სახლის და მინისტრთა კაბინეტის მაღალჩინოსანთა გადადგომის პროცესსაც, რათა მთავრობა დაცლის საფრთხის წინაშე არ დადგეს. ამასთან, გამოცემის სარედაქციო საბჭო აღნიშავს, რომ ტრამპისგან მსგავსი ნაბიჯი ნაკლებად მოსალოდნელია. The Wall Street Journal-ი წერს, რომ ამ კვირამ დაასრულა დონალდ ტრამპი, როგორც სერიოზული პოლიტიკური ფიგურა. აშშ-ის კონგრესში დონალდ ტრამპის მომხრეთა შეჭრის შემდეგ, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და მის ოფისს მოუწოდა, კონსტიტუციის 25-ე შესწორების მიხედვით იმოქმედონ და დაუყოვნებლივ გადააყენონ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. პელოსის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონგრესმა შესაძლოა, იმპიჩმენტისთვის დაიწყოს მზადება. 6 იანვარს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. ამ დროს მიმდინარეობდა კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. პოლიციას რამდენიმე საათი დასჭირდა კაპიტოლიუმის შენობაში წესრიგის აღსადგენად, რის შემდეგაც სხდომა გაგრძელდა და კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა. ვაშინგტონში მასობრივი არეულობების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.  აშშ-ის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა დონალდ ტრამპის არაერთი განცხადება, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. ტრამპს უფლებამოსილება ოფიციალურად ეწურება 20 იანვარს.     https://www.radiotavisupleba.ge/a/31038393.html #ახალი_ამბები #twitter