უხვმა ნალექმა ქუთაისში რამდენიმე ქუჩა დატბორა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ძლიერი წვიმის გამო ქუთაისში, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ადიდდა მდინარე რიონი. ფოთის, განჯისა და წერეთლის ქუჩებზე მოსახლეობის ნაწილს წყალი საცხოვრებელი სახლის სარდაფებსა და პირველ სართულებზე შეუვიდათ. დაიტბორა ეზოები და სამანქანო გზები.
ქუთაისში, უხვი ნალექის შედეგად დატბორილ ქუჩებზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკით წყლის ამოტუმბვა ხდება. საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 28 გამოძახება დაფიქსირდა, როგორც სამსახურში აცხადებენ, ყველა მათგანზე რეაგირება დროულად მოხდა და ადგილობრივების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სტიქიის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები.
ძლიერი წვიმის გამო რაჭაში გარე სამყაროს მოწყვეტილია 12 სოფელი და 2000-ზე მეტი ადამიანი. წუხანდელი გადაუღებელი წვიმით ადიდებულმა მდინარე რიონმა მნიშვნელოვნად დააზიანა ცენტრალური ავტომაგისტრალი. მაგისტრალი სამ ადგილზეა ჩაწყვეტილი - ონიდან შოვის მიმართულებით, სოფელ უწერისკენ და სოფელ ღების და ონის გამყოფი გზები. დანგრეულია 10 ხიდი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30754937.html
#ახალი_ამბები
#რეგიონები_