ჰუბერტ ქნირში: ეს არის ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვები და არა გერმანიის პროკურატურის

Tbilisi Daily

„გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადება, რომელიც, ცხადია, უკეთესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო ფორმულირებული, ეხება აწ განსვენებული ხანგოშვილის საკითხს, კერძოდ, რა მიზნით იყო იგი გერმანიაში, აგრეთვე, მის განცხადებას, რომ მისი საზღვარგარეთ ყოფნის მიზეზს წარმოადგენდა საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან დაპირისპირება - ეს გახლავთ მისი სიტყვება და არა გერმანიის პროკურატურის მოსაზრება”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა. ელჩი ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენებას გამოეხმაურა. „სამწუხაროა, რომ ამ საკითხის წარმოჩენა იმ კუთხით მოხდა, თითქოსდა გერმანიის პროკურატურას სურდა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის რაიმე სახით კორექტირება. სინამდვილეში, ეს მათი განზრახვა არ ყოფილა”,- განაცხადა ელჩმა.​ გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა. ფედერალური პროკურორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ფედერალურმა ორგანოებმა ბრალდებულს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების დავალება მისცეს“. მათივე თქმით, ვადიმ კრასიკოვს (იგივე ვადიმ სოკოლოვი), რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ბრალი ედება მკვლელობასა და იარაღის ტარების შესახებ კანონის დარღვევაში. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელი მსხვერპლს ზურგიდან მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს და იმ დროიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ამ საკითხზე დღეს რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი ევროპაში გამგზავრებამდე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სპეცრაზმის „ვიმპელის“ ბაზაზე გადიოდა წვრთნებს. ამის შესახებ ნBellingcat-ის, გერმანულ ჟურნალ Der Spiegel-ისა და რუსული გამოცემა The Insider-ის ერთობლივი გამოძიება ჯერ კიდევ თებერვალში გამოქვეყნდა. ხანგოშვილი გერმანიისელჩი TbilisiDaily