რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა
Sokhumi Daily
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა COVID-19-ით კიდევ 3 სამი პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა. შტაბის ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში გარდაცვლილ ორ ხანდაზმულ ქალს და ერთ მამაკაცს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილებს შორის ერთ - ერთი 1947 წელს დაბადებული კოვიდინფიცირებული ქალი იყო. მათი ცნობით, პაციენტს ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია ჰქონდა. მას აღენიშნებოდა სომატური თანმხლები დაავადებები. მისი მდგომარეობის გაუარესების გამო, იგი გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც 7 ოქტომბერს გარდაიცვალა.
აგრეთვე 7 ოქტომბერს გარდაიცვალა 67 წლის პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთის კოვიდმიმღებ კლინიკაში. იგი საავადმყოფოში 2 ოქტომბერს ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონიით მოათავსეს. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, გამომდინარე პაციენტის სომატური დაავადებებისა, მისი მდგომარეობა გაუარესდა. ის გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მესამე პაციენტი 1938 წელს დაბადებული მამაკაცი გახლდათ. ის გუდაუთის საავადმყოფოში სამკურნალოდ 21 სექტემბერს შეიყვანეს. პაციენტს ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონიის ნიშნები ჰქონდა. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ცნობით, ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა, რადგან მას თანმხლები გულის დაავადება, ჰიპერტენზია და გულის არითმია ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადაყვანილი 3 პაციენტი გარდაიცვალა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებში. მათი გარდაცვალება დე ფაქტო მთავრობას არ შეაქვს ადგილობრივ სტატისტიკაში, რადგან თვლის, რომ ეს პაციენტები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გარდაიცვალნენ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა