ISFED-ს ახალი დირექტორი ჰყავს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
“სამართლიან არჩევნებს” ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ნინო დოლიძე, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელი იყო, შეცვლის დეკემბერში გადაყენებულ ელენე ნიჟარაძეს.
„ნინო კარგად იცნობს ორგანიზაციას, რადგან 2007-2011 წლებში ის იყო სამართლიანი არჩევნების თანამშრომელი,“ - ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.
ელენე ნიჟარაძის გადაყენების გადაწყვეტილება ISFED-მა 2020 წლის არჩევნების დროს, ხმების პარალელური დათვლისას გაპარული შეცდომის გამო მიიღო. მაშინ, დათვლილმა ბათილმა ბიულეტენებმა ხმათა დათვლაში 1.8%-ანი სხვაობა გამოიწვია „ოცნების“ სასარგებლოდ. ყოფილმა დირექტორმა ხარვეზს „ტექნიკური“ შეცდომა უწოდა, რომელსაც არ შეეძლო მნიშვნელოვანი ცვლილება შეეტანა არჩევნების შედეგებში. საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზის ფონზე, ამ შეცდომამ მნიშნველოვანი ზიანი მიაყენა ორგანიზაციის რეპუტაციას. “სამართლიანმა არჩევნებმა” დროულად არ შეატყობინა საზოგადოებას შეცდომის შესახებ.
“ბოლო არჩევნებმა ძალიან გამიცრუა იმედი და ვხედავ რომ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისგან ქვეყანაში. ვერ ვხედავ უკეთესი არჩევნებისთვის საჭირო პოლიტიკურ ნებას... ამიტომაც გადავეყვიტე ISFED-ში წასვლა - მინდა რომ უფრო მეტად ვისაუბრო იმ პრობლემებზე და უფრო ხმამაღლა რაც არის ქვეყანაში დემოკრატიის მიმართულებით,” - უთხრა არასამთავრობო ორგანიზაციის ახალმა ხელმძღვანელმა რადიო თავისუფლებას ინტერვიუში.
ნინო დოლიძე არის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. მას გააჩნია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. იგი არის ექსპერტი საარჩევნო და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31115114.html
#ახალი_ამბები
#twitter