კორონავირუსის მაჩვენებლის გაორმაგების შემთხვევაში შესაძლოა პირბადის გამოყენებაზე იმსჯელონ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
კორონავირუსის შემთხვევათა ყოველკვირეული მაჩვენებლის გაორმაგების შემთხვევაში საკოორდინაციო და იმუნიზაციაა საბჭო, სავარაუდოდ, სტატისტიკის ყოველდღიურად გამოქვეყნებასა და დახურულ სივრცეში პიდბადის ტარების წესის შემოღების საკითხზე იმსჯელებს, ამის შესახებ მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
„თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და ყოველ კვირას გაორმაგრა შემთხვევების რაოდენობა, ჩვენ პირველ რიგში მოგვიწევს გადასვლა ყოველდღიურ სტატისტიკაზე და არა ყოველკვირეულზე, ვინაიდან ეს მაჩვენებელი არის მართლაც საგანგაშო“, - თქვა ივანე ჩხაიძემ.
რაც შეეხება პირბადის ტარების საკითხს, მისი სიტყვებით „ნიღბის ტარების სავალდებულობას საკოორდინაციო და იმუნიზაციის საბჭო ჯერჯერობით არ გამოაცხადებს, ამ ციფრების ფონზე“, ვინაიდან ეს არ არის მაღალი მაჩვენებლი, „მაგრამ თუ გაორმაგების ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლებელია მომდევნო კვირების განმავლობაში, ეს საკითხი იყოს განხილული იმუნიზაციის საბჭოზე“.
ამასთან ივანე ჩხაიძის განცხადებით, შემოდგომაზე არსებობს კორონავირუსის პანდემიის პიკის მოლოდინი „თვეც არის დასახელებული - ოქტომბერი. ტერმინიც არის გამოყენებული, რომელიც ასახავს ამ მოლოდინის სიმძაფრეს, რომ ჩვენ შესაძლოა შემოდგომაზე გველოდეს კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღა ცუმანის მსგავსი, ეს ხატოვანი გამონათქვამია, მაგრამ რეალურ მოლოდინს ასახავს“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.
ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 2,4-ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე წინა კვირაში.
ბოლო კვირების განმავლობაში პირველად, ინფიცირების 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია (4,05%).
27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ვირუსი დაუდასტურდა 2570 ადამიანს, წინა კვირაში - 20-26 ივნისს კი, 1056 ადამიანს. გარდაიცვალა 3 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31931339.html
Source: radiotavisupleba.ge