ანრი ოხანაშვილი- ჩვენი მხრიდან პლებისციტზე შეთავაზება არ განიხილება

Tbilisi Daily

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ,,ქართული ოცნება" მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესი განაგრძოს. ანრი ოხანაშვილის თქმით, მმართველი პარტია ოპოზიციისთვის პლებისციტის შეთავაზებას არ განიხილავს. ,,ჩვენ მზად ვართ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში განვაგრძოთ მოლაპარაკების პროცესში ჩართულობა, მით უმეტეს, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით იმართება ეს შეხვედრები. შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდასთან ოპონენტები რა საკითხს დასვამენ, ვერ გეტყვით, თუმცა, ჩვენი მხრიდან, რაიმე ტიპის კონკრეტული შეთავაზება პლებისციტზე და ა.შ. არ განიხილება. თუმცა, დიალოგი სწორედ იმას ნიშნავს, რომ არა წინმსწრებად რაიმე საკითხებზე ვისაუბროთ, არამედ, სწორედ მოლაპარაკებათა მაგიდასთან შევაჯეროთ პოზიციები,"- განაცხადა ოხანაშვილმა ,,ღამის კურიერში". ცნობისთვის, ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია მეხუთე რაუნდამდე ხელისუფლებას პლებისციტზე შეთანხმებას სთავაზობს.