სულ რომ გერმანული საავადმყოფოები გადმოვიტანოთ, სისტემა ვერ გაუძლებს თუ ყველა ავად გახდება

Tbilisi Daily

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. როგორც პაატა იმნაძე ამბობს, თუ ყველა ავად გახდება, ამას ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. „ერთხელ გაზაფხულზე ვთქვი, მეორედ შემოდგომაზე და მერე ამაზე ატყდა ერთი ამბავი, მე რასაც ვამბობ, პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე. ეს არ არის ხოლმე არავის დაშინება. ეს არის იმ სამწუხარო რეალობის ჩვენება, რაც მოგველის, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. თქვენ კარგად უყურებთ მედიას, რა ხდება ყველაზე განვითარებულ, ყველაზე მაგარ ქვეყნებში, ყველაზე მაგარი ჯანდაცვის სისტემით. ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა, სულ რომ გერმანული საავადმყოფოები გადმოვიტანოთ აქ თავის გერმანელი ექიმებით, ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად. ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. ეს არის რეალობა. დღეს ჩვენ ყველანი ამ მწარე ფაქტის წინაშე ვართ, ვერც ერთი სისტემა, ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს ამას.“,- განაცხადა პაატა იმნაძემ. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 401 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 289 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 20. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 004 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4 335.