საქართველოს ბეირუთში აფეთქების შედეგად დაშავებული ქართველების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს ბეირუთში აფეთქების შედეგად დაშავებული ქართველების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროდან რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა.
"ლიბანში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა უკიდურესად მცირეა. პანდემიის პირობებში, მათი უმრავლესობა გაემგზავრა ლიბანიდან. ამ დრომდე საელჩოში ან საქართველოს საპატიო კონსულთან ლიბანში საქართველოს მოქალაქეების ზარი არ შემოსულა. საელჩო კავშირზე ამანში ლიბანის საელჩოსთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - აცხადებენ უწყებაში.
ბეირუთში აფეთქება გუშინ, 4 აგვისტოს მოხდა, რა დროსაც დაიღუპა სულ მცირე 100 ადამიანი და 4 000-მდე დაშავდა. პორტის ინფრასტრუქტურის გარდა, დანგრეული ან დაზიანებულია 10 კილომეტრის მანძილზე მდებარე სახლები, დაწესებულებები და მაღაზიები. აფეთქების მიზეზად ის გემი სახელდება, რომელსაც 2013 წელს ბათუმის პორტიდან მოზამბიკაში ამონიუმის ნიტრატი მიჰქონდა.
გემი Rhosus-ი ბეირუთის პორტში 2013 წლის სექტემბერში შევიდა ტექნიკური პრობლემების გამო. მოგვიანებით, ლიბანის საბაჟო სამსახურმა ტვირთის კონფისკაცია მოახდინა და საცავში გადაიტანა. პორტის მმართველის ინფორმაციით, საწყობზე წვდომა არავის ჰქონდა, ახლახან ჩატარებულმა შემოწმებამ კი გამოავლინა, რომ საცავში შეღწევა შესაძლებელი იყო კედელში არსებული ხვრელიდან, კარის საკეტს კი გამოცვლა სჭირდებოდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება შედუღების სამუშაოების დროს მოხდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30767575.html
#ახალი_ამბები
#twitter