პროკურატურამ ბუსა ჟვანიას ბრალი ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალიწარედგინა. ბრალდების წარდგენა ხეჩინაშვილის კლინიკაში მოხდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 აგვისტოს, გამთენიისას, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლ.თ.-ს საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბ.ჟ.-მ ლ.თ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე, ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე.
ლ.თ.-ს სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.
გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
სამართალდამცველებმა ბ.ჟ. 2020 წლის 2 აგვისტოს დააკავეს. 2020 წლის 3 აგვისტოს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ.ჟ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.