პირველი მეგრულენოვანი ჟურნალი - სქანი.
Zugdidi Daily
პირველი მეგრულენოვანი ჟურნალი - სქანი.
პირველი მეგრულენოვანი ჟურნალის გამოსვლას რამდენიმე დღეში ვარაუდობენ. ჟურნალის სახელი - "სქანი" ქართულად ნიშნავს - შენი. ჟურნალში მოცემული ინფორმაცია მეგრულ ენაზე იქნება წარმოდგენილი. შეძლებთ გაეცნოთ ისტორიის, სამეცნიერო თუ კულტურის თემებზე მომზადებულ სტატიებს. ასევე, მსოფლიო ლიტერატურის ცნობილი ნაწარმოებების თარგმანებს.
ჟურნალის დამფუძნებლები გივი ქარჩავა და გიგა ქავთარაძე არიან. ჟურნალს კი „მარგალურ ნინაშ ასოციაცია“ (მეგრული ენის ასოციაცია) გამოსცემს.
ერთ-ერთმა დამფუძებელმა გივი ქარჩავამ განაცხადა, რომ ჟურნალის პირველ ნომერზე, რომელიც ჯერ კიდევ მარტის თვეში უნდა გამოსულიყო 20 კაციანი ჯგუფი მუშაობდა. ჟურნალის დაგვიანებით გამოცემა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შექმნილმა სიტუაციამ გამოიწვია,
გივი ქარჩავა ჟურნალის პირველ გამოცემაზე საუბრობს :
"პირველივე ნომერში არის ძალიან საინტერესო სტატია გენდერის პრობლემაზე სამეგრელოში. ანუ ქალის სოციალურ ყოფაზე ძველ სამეგრელოში. ძალიან საინტერესო სტატიაა. არის ასევე ფრინველთა მეგრულ ტერმინოლოგიაზე ძალიან საინტერესო კვლევა გაკეთებული. გვაქვს ასევე ისტორიულ გათხრებზე. მათ შორის ცვანეს დიხაგუძუბაზე [კოლხური ნამოსახლარი ზუგდიდის სოფელ ცვანეში] და სხვა. გვაქვს სამეგრელოს სამთავროს გაუქმების დროინდელი ისტორია მეგრულად. ასევე, გალის რაიონში შეცვლილ მეგრულ ტოპონიმიკაზე მასალა. გარდა ამისა, რაც ძალიან საინტერესოა, გვაქვს თარგმანები. მაგალითად, ერნესტ ჰემინგუეის და ედგარ ალან პოს მოთხრობების. გვაქვს ორიგინალური ლექსები და მოთხრობები. აქედან ორი დებიუტია. ორი დებიუტანტიდან ერთ-ერთი, რომლის სახელს ჯერჯერობით არ გავამხელ და ინტრიგად დავტოვებ, არის ცნობილი, „საბას“ პრემიის ლაურეატი, რომელმაც პირველად ჟურნალისთვის შექმნა მეგრულენოვანი ნაწარმოები."
ეს ჟურნალი იმისთვისაც არის მოწოდებული, რომ ადამიანებს აჩვენოს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ მეგრულად იწერება ჟურნალი.
#ზუგდიდი
#სამეგრელო
#მეგრულენოვანიჟურნალი
#სქანი
#სტატიები
#zugdididaily