სარაჯიშვილის გამზირზე მოკლული 2004-2006 წლების გახმაურებული საქმეების ფიგურანტი იყო

Tbilisi Daily

ცნობილი ხდება, რომ სარაჯიშვილის გამზირზე დღეს მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძე რამდენიმე გახმაურებული საქმის ფიგურანტი იყო. არსებული ინფორმაციით, ის ფიგურირებდა 2004 წელს დეპუტატ კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვის საქმეში, რაზეც 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წელს კი, არსებული ინფორმაციით, ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის წევრ კახა გიუაშვილის მკვლელობის საქმეზე დავით მინდაძე და ვალერიან ნემსიწვერიძე 2004 წლის 13 მაისს დააკავეს და დამნაშავედ 2007 წლის 26 თებერვალს ცნეს. დეპუტატ კახა გიუაშვილზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულებმა, დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის ნაწილში, საქართველოს სტრასბურგში საქმე 2017 წელს მოუგეს და სახელმწიფოს მათთვის 50 000-მდე ევროს გადახდა დაეკისრა. მომჩივნები მათ წინააღმდეგ წამოწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას უსამართლოდ მიიჩნევდნენ, ჩიოდნენ დაკავებისას პოლიციის მხრიდან არასათანადოდ მოპყრობის, წინასწარი პატიმრობის პირობებისა და პერიოდის არასათანადობისა და უკანონობის გამო. ვალერიან ნემსიწვერიძე, რომელიც დღეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლეს, არსებული ინფორმაციით, ფიგურირებდა 2006 წლის ციხის ბუნტში ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან, ტარიელ ფოცხვერიასთან ერთად. აღნიშნულთან დაკავშირებით ავჭალაში, მკვლელობის ადგილზე მყოფმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა კომენტარი არ გააკეთა.