რესპუბლიკელი სენატორები აპირებენ სადავოდ აქციონ ჯო ბაიდენის გამარჯვება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რესპუბლიკელ სენატორთა ჯგუფი, ტეხასის შტატის წარმომადგენლის, ტედ კრუზის მეთაურობით, აპირებს სადავოდ აქციონ არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამარჯვება, როდესაც მომდევნო კვირაში, 6 იანვარს, კონგრესში გაიმართება საარჩევნო კოლეგიის შედეგების დამტკიცება. 11 რესპუბლიკელი სენატორის 2 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ „2020 წლის არჩევნებში მომხდარი დარღვევებისა და თაღლითობის შესახებ ბრალდებები აღმატება ყველაფერს, რაც ჩვენ ცხოვრებაში ყოფილა".  თავის განცხადებაში კრუზი და სხვა რესპუბლიკელი სენატორები აღნიშნავენ, რომ შეეცებიან კენჭის ყრაზე დააყენონ საარჩევნო კოლეგიის ხმების გაბათილება იმ ე.წ. „მოყოყმანე შტატებში“, რომლებშიც, დონალდ ტრამპის მომხრეთა აზრით, კენჭისყრის შედეგების ფალსიფიცირება მოხდა. კანონმდებლები ასევე ეცდებიან, სასწრაფო წესით შეიქმნას კომისია, რომელიც გაყალბების შესახებ განცხადებებს გამოიძიებს. ამ დიდწილად სიმბოლური ხასიათის ნაბიჯს თითქმის არ აქვს შანსი, რომ ხელი შეუშალოს ჯო ბაიდენს, 20 იანვარს შეუდგეს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. რამდენიმე რესპუბლიკელმა სენატორმა, მათ შორის რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა, უკვე აღიარა ჯო ბაიდენის გამარჯვება. ამას გარდა, პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გამო ტრამპის იურისტების წარდგენილი საჩივრები არ დააკმაყოფილეს სასამართლოებმა, ხოლო არჩევნებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არ არსებობს მტკიცებულებები პრეზიდენტის არჩევნებში მომხდარი მასობრივი გაყალბების შესახებ. 14 დეკემბერს აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ უკვე დაადასტურა ჯო ბაიდენის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში. ჯო ბაიდენმა კოლეგიის 306 წევრის ხმა მიიღო. დონალდ ტრამპმა კი - 232. ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა. საარჩევნო კოლეგიის მიერ გამოცხადებული შედეგები 6 იანვარს უნდა დაამტკიცოს აშშ-ის კონგრესმა. მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ არჩევნების შედეგი სადავოდ აქციონ. https://www.radiotavisupleba.ge/a/31031480.html #ახალი_ამბები #twitter