იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა "ოქროს ბირჟას" უკავშირდება
Pirveliradio Ge
ბოლო 24 საათში, იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 53 შემთხვევა დადასტურდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძემ მედიას უთხრა, რომ რეგიონში ახალი შემთხვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ქუთაისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე „ოქროს ბირჟას“. ამ ობიექტის 5 თანამშრომელს კორონავირუსი 18 სექტემბერს დაუდგინდა.
სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, „ოქროს ბირჟის“ ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტის მქონე ყველა პირი დადგენილი და გამოკვლეულია. ნაწილი იზოლაციაში, ნაწილი კი - კარანტინში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით დაუდგენელია იმერეთში კორონავირუსის რამდენიმე ახალი შემთხვევის პირველწყარო. მიუხედავად ამისა, შალამბერიძის განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და კვლევები გრძელდება.
ბოლო ორ კვირაში, იმერეთში კორონავირუსის 150-მდე შემთხვევაა. 21 სექტემბრის დილის მონაცემებით, იმერეთის კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ 258 პაციენტს. მათი ნაწილი სხვადასხვა რეგიონიდან გადმოიყვანეს.
ერთ-ერთი კოვიდ-ცენტრის, ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ პაციენტი იყო ოკუპირებული აფხაზეთიდან გადაყვანილი ქალი, რომლის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა დღეს, 21 სექტემბერს.
ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 193 შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 3695-მდე გაიზარდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 1534. COVID-19-ით გარდაცვლილია 20.