რუსეთის უშიშროებამ ანექსირებულ ყირიმში 6 ყირიმელი თათარი დააპატიმრა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აკრძალულ ორგანიზაციასთან კავშირის გამო რუსეთის უშიშროების სამსახურმა (ФСБ) 7 ივლისს დააპატიმრა და ჩხრეკვა ჩაატარა 6 ყირიმელი თათრის საცხოვრებელ სახლში.
გავრცელებული ცნობით, ემილ ზიადინოვი, ისმეტ იბრაგიმოვი, ალიმ სუფიანოვი, სეირან ხაიარატდინოვი, ალექსანდრა სიზიკოვა და ზეკირ მურატოვი სამართალდამცველებმა დააკავეს 205-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას.
რუსეთის უშიშროების სამსახურის (ФСБ) ცნობით, დაკავებულებს ბრალი ედებათ რუსეთში აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაცია „ხიზბ უტ-ტახრირთან“ თანამშრომლობაში.
რუსეთის უშიშროების მიერ ყირიმში ჩატარებული ჩხრეკვისა და დაპატიმრების მორიგ ტალღას გამოეხმაურა ცნობილი უკრაინელი რეჟისორი, ოლეჰ სენცოვი, რომელმაც ამ ნაბიჯს უწოდა „რეპრესიები“ მიმართული ანექსირებულ ყირიმში მცხოვრები „დაუმორჩილებელი“ ყირიმელი თათრების წინააღმდეგ.
„ოკუპანტები ყირიმში აგრძელებენ რეპრესიებს ნახევარკუნძულის ძირძველი მოსახლეობის წინააღმდეგ. ისევ აპატიმრებენ ყირიმელ თათრებს და ჩრხრეკენ მათ სახლებს. ФСБ-მ ექვსი ადამიანი დააპატიმრა. 205-ე მუხლი, ტერორიზმის ბრალდება, ჩემთვის ცნობილია. რუსები მას აკერებენ ყველა მოწინააღმდეგეს. გამაგრდით, დაუმოჩილებლებო, ჩვენ აუცილებლად გაგათავისუფლებთ თქვენ და თქვენ მშობლიურ ყირიმს მტრებისაგან“, - დაწერა სენცოვმა ფეისბუკში.
რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლის ზაფხულში მიიერთა სამხედრო აგრესიის ფონზე ჩატარებული უკანონო რეფრენედუმის საფუძველზე.
აშშ-ი, ევროკავშირი და მათი მოკავშირეები ყირიმის ნახევარკუნძულს უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევენ და რუსეთის მიმართ მეექვსე წელია ატარებენ ეკონომიკური სანქციების პოლიტიკას ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30712305.html
#ახალი_ამბები
#twitter