იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონელი დეპუტატების ნაწილი გააძევეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. "უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს. დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატი, ასევე, პარლამენტის წევრები, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.
სხდომა ხმაურისა და პერიოდულად, ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რამდენჯერმე გამოაცხადა კოლეგების პროტესტისა და შეძახილების გამო ტექნიკური შესვენება.
შეფერხებებით მუშაობს ლაივ-სიგნალი პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდანაც - დარბაზში ხმაურის გაძლიერებისას სიგნალი ითიშება ან ხმა ქრება. გაძლიერებული დაცვის ზომებია მიღებული თავად შენობაშიც - იურიდიულ საკითხთა კომიტეტისკენ მიმავალი დერეფანი გადაკეტილია. ჟურნალისტებს დარბაზში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.
პარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვის პარალელურად აქცია იმართება პარლამენტის შენობასთან.
ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32303603.html
Source: radiotavisupleba.ge