სვანეთში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება- მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის  ყველა სოფელი გაიხსნება

Tbilisi Daily

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მოსახლეობის განმეორებითი ტესტირება დღეიდან დაიწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანმა განუცხადა, ასევე, დღეიდან დაწესებული შეზღუდვები იხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლისთვის, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერის თემისა. „განმეორებითი ტესტირება, ვადის მიხედვით, 21 აგვისტოს უწევს. დაიწყება ლენჯერის თემში, ჩაკეტილ სივრცეში მცხოვრებლების, მიზნობრივი ჯგუფების ტესტირება. ასევე, ვისაც საკარანტინო სივრცის დატოვება 21 რიცხვში უწევს, მათი ტესტირებაც დაიწყება,“ - განაცხადა ვიბლიანმა. შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, 10 აგვისტოდან შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეზღუდულია როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან, რაც გულისხმობს, რომ მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. აღნიშნული შეზღუდვა 21 აგვისტოდან უქმდება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლისთვის, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა.