გრიგოლ ვაშაძის მოლოდინია, რომ საქართველო ევროკავშირისგან მიიღებს "ალბანურ ვარიანტს"
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ახლა უკვე პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძის მოლოდინია, რომ საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, თუმცა კონკრეტულ ვერსიას. მან პარლამენტში ჟურნალისტებთან ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის მიღების შემდეგ თქვა, რომ ეს იქნება "ალბანური ვარიანტი".
"უკეთეს შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ალბანურ ვარიანტს, როდესაც პირდაპირ სიას დაგვიწერენ თარიღებით და გვეტყვიან, რომ ეს და ეს არის გასაკეთებელი, თუ გნებავთ, როგორც თქვენ ამტკიცებდით ამდენი წელი, ევროპულ ოჯახში დაბრუნება", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
მან ევროპარლამენტის რეზოლუციას უმძიმესი უწოდა.
"ბევრი კომენტარი ევროპარლამენტის რეზოლუციას არ სჭირდება... საკმარისია ორი თარიღი გავიხსენოთ – 5 ივლისი, როდესაც ფიზიკურად დაამცირეს და გალახეს ჟურნალისტები და 19 აპრილის შეთანხმება, სადაც ევროკავშირმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ასე თუ ისე ცივილიზებულ კალაპოტში დაბრუნებულიყო. მავანს ეგონა, რომ ევროკავშირი იმ შეურაცხყოფას დაივიწყებდა, რომელიც ყველამ მივაყენეთ და მის უმაღლეს თანამდებობის პირს", - თქვა მან.
ალბანეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი 2009 წელს გამოთქვა, ნატოში გაწევრიანების შემდეგ (2009) ევროპული საბჭოს განმარტებით, ალბანეთი იმ დროისთვის მზად არ იყო ევროკავშირში გასაწვრიანებლად თუმცა მიიღო რეკომენდაციები. 2014 წლის ივნისში ევროპული საბჭოს ბრიუსელის სამიტზე ალბანეთი ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი ქვეყანა გახდა.
9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას, რადგან აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".
https://www.radiotavisupleba.ge/a/31892294.html
Source: radiotavisupleba.ge