ხამენეი "უპატიებელ დანაშაულს" უწოდებს დაავადების ტალღას, რომელმაც ირანელი მოსწავლეები მოიცვა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი "უპატიებელ დანაშაულს" უწოდებს დაავადების ტალღას, რომელმაც სკოლის მოსწავლე ასობით გოგონა მოიცვა ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, და აცხადებს, რომ ამას "მკაცრი სასჯელი" უნდა მოჰყვეს.  გავრცელებული ცნობებით, პირველი ინციდენტი მოხდა ნოემბერში, როცა ქალაქ ყომში სკოლის 18 მოსწავლე გოგონა საავადმყოფოში მოხვდა, მათ შორის ღებინების, თავის ტკივილის, ხველის, სუნთქვის გართულების, გულისცემის გახშირების და კიდურების სისუსტისა და ტკივილის სიმპტომებით. მას შემდეგ გამოვლინდა ასობით მსგავსი შემთხვევა, თუმცა ის, თუ რა შეიძლება იწვევდეს ამ დაავადებას, კვლავ უცნობია. დაავადებული გოგონების ნაწილი ამბობს, რომ მათ იგრძნეს ქლორის, თუ დასუფთავების საშუალებების სუნი, ნაწილი იხსენებს, რომ ჰაერში ციტრუსის არომატი იყო. იდუმალი დაავადებით ბევრი ახალგაზრდა ქალი და გოგონა მოხვდა  საავადმყოფოებში, რასაც მოჰყვა მშობლების და ფართო საზოგადოების სიბრაზე ხელისუფლების მიმართ - რომელიც ვერ ახერხებს დაავადების მიზეზის დადგენას. ამ პროცესების ფონია უფრო ფართო დაძაბულობა ქალების უფლებების, კანონის უზენაესობის და დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების გამო.  "ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა გამოიძიოს მოსწავლეთა მოწამვლის საკითხი" - ხამენეის ამ სიტყვებს სახელმწიფო მედია ავრცელებს 6 მარტს. ამ დრომდე ხამენეის მომხდართან მიმართებით არ გამოუყენებია სიტყვა "მოწამვლა".  გასულ შაბათ-კვირას მშობლებმა კვლავ გამართეს აქციები. ირანის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ღოლამჰოსეინ მოჰსენი-ეჯეი 6 მარტს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მათ, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, "მკაცრი სასჯელი" ელის - და რომ ისინი, ვინც "ტყუილებს და ჭორებს" ავრცელებენ, უნდა გამოძახებულ იქნენ.  https://www.radiotavisupleba.ge/a/32304198.html

Source: radiotavisupleba.ge