უკრაინელმა სამხედროებმა სევეროდონეცკი დატოვეს-ჟურნალისტი იური ბუტუსოვი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
24 ივნისის ღამეს უკრაინელმა სამხედროებმა დატოვეს სევეროდონეცკში მდებარე ინდუსტრიული ზონის ნაწილი და დატოვეს ქალაქი სევეროდონეცკიც, რომლისთვისაც ბრძოლები მრავალი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავის ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა ცნობილმა ჟურნალისტმა და საიტ "ცენზორ.ნეტის" რედაქტორმა იური ბუტუსოვმა, რომელიც უკრაინელ სამხედორბთან ერთად იცავდა სევეროდონეცკს.
"ჩვენ გამოვედით. მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით. მარადიული დიდება უკრაინელ გმირებს, რომლებიც სევეროდონეცკისთვის ბოლომდე იბრძოდნენ", - წერს ბუტუსოვი.
მანამდე ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებს მოუწევდათ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ სევეროდონეცკის დატოვება.
გამოცემა "უკრაინსკა პრავდა"-ს ინფორმაციით, 24 ივნისის დილის მდგომარეობით, არც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და არც შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, სევეროდონეცკიდან სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამთ.
უკრაინის გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სევეროდონეცკის მეზობელ ქალაქ ლისიჩანსკიდან სამხრეთით, რუსეთის სამხედრო ძალებმა გაარღვიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაცვის ხაზი და ქალაქთან მიახლოებას ცდილობენ. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „სახალხო მილიციის სარდლობასთან დაახლოებულ წყაროზე“ დაყრდნობით წერს, რომ მათი ძალები უკვე იმყოფებიან ლისიჩანსკის სამხრეთ გარეუბანში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31913369.html
Source: radiotavisupleba.ge