სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება - ორმხრივი მუქარა სტრატეგიული ობიექტების დაბომბვაზე
Interworld
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 12 ივლისს დაწყებული სასაზღვრო შეტაკებები ერთდღიანი სიმშვიდის შემდეგ 16 ივლისს კვლავ განახლდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მხარის მიერ კვლავ აქტიურად იქნა გამოყენებული არტილერია და უპილოტო საფრენი აპარატები. დაიბომბა სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეს მდებარე სასაზღვრო სოფლები. დაზიანდა და განადგურდა რამდენიმე სახლი და სხვა სახის სამოქალაქო ობიექტები.
აზერბაიჯანულმა მხარემ 12 ივლისს 1 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ განაცხადა, ხოლო 16 ივლისს, სომხურმა მხარემ მისი 1 მშვიდობიანი მოქალაქის დაშავების შესახებ განაცხადა.
რაც შეეხება სამხედრო მსხვერპლს, აზერბაიჯანის მხარეს დაღუპულ ოფიცერთა და ჯარისკაცთა საერთო რაოდენობა 12-ია. სომხეთის მხრიდან 4 სამხედრო პირი დაიღუპა და კიდევ 36 დაშავდა.
მიმდინარე დაპირისპირების პროცესში, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე შეტევების შესაძლო განხორციელება არ გამორიცხეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ვაგიფ დარგიაჰლის განცხადებით, ოფიციალური ბაქოს შეიარაღებაში არის უახლესი სარაკეტო სისტემები, რომლებსაც მაღალი სიზუსტით შეუძლიათ სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე „მეწამორის“ ატომური სადგურის განადგურება, რაც ოფიციალური ერევანისთვის უდიდესი კატასტროფა იქნება.
„მეწამორის“ ატომური ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 1976 წელს შევიდა. ობიექტი სომხეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მესამედს გამოიმუშავებს. მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ამ ეტაპზე სადგურის მუშაობა 3 სექტემბრამდეა შეჩერებული.
დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ როგორც ცნობილია დარგიაჰლიმ ეს განცხადება სომხური მხარის მუქარის საპასუხოდ გააკეთა, რა დროსაც სომხეთი უშვებს შესაძლებლობას დაბომბოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე მინგეჩაურის წყალსაცავი, რაც თავის მხრივ უდიდესი ტერიტორიების დატბორვას გამოიწვევს.
სომხეთთან გამწვავებული სიტუაციის ფონზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი შეცვალა. მინისტრის პოსტი ჯეიჰუნ ბაირამოვმა დაიკავა.
ალიევის 16 ივლისის გადაწყვეტილება ელმარ მამადიაროვის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ბაირამოვის დანიშვნის თაობაზე, მას შემდეგ განხორციელდა, რაც აზერბაიჯანელმა ლიდერმა მთავრობის სხდომაზე საგარეო უწყების აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მისი „პასიური“ მიდგომების გამო მკაცრად გააკრიტიკა.
ალიევის მიდგომით, მათი დიპლომატიური სამსახური კიდევ უფრო ეფექტური უნდა იყოს, რომელსაც „შემტევი“ და არა პასიური, ან თავდაცვითი უნდა ჰქონდეს.
ბოლო პერიოდში, საგარეო მიმართულებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ყველაზე აქტიურ კომუნიკაციაში მისი ადმინისტრაციის საგარეო საკითხთა ხელმძღვანელთან (მრჩეველთან) ჰიქმეთ ჰაჯიევთან არის.
ელმარ მამადიაროვი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2004 წლის აპრილიდან იკავებდა.
რაც შეეხება ახლად დანიშნულ ბაირამოვს, იგი მანამდე აზერბაიჯანის განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა. ეს უკანასკნელი კარიერული დიპლომატი არ არის, არამედ პროფესიით იურისტია და განათლების უწყებას 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ამჟამინდელი მდგომარეობით, სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლზე არსებული ვითარება შედარებით მშვიდია.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Armenia #Azerbaijan #nuclear #power #plant #conflict #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა