Google-მა თანამშრომლებს მომდევნო წლის სექტემბრამდე სახლიდან მუშაობის საშუალება მისცა
Interworld
გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, კომპანია Google-მა თანამშრომლებს მომდევნო წლის სექტემბრამდე სახლიდან მუშაობის საშუალება მისცა. 2020 წლის მარტში, სწორედ Google იყო ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში გადაიყვანა.
თავდაპირველი გათვლებით, დისტანციურ რეჟიმში მუშაობა 2021 წლის იანვრამდე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მოგვიანებით კომპანიაში განაცხადეს, რომ ოფისებში დაბრუნება სულ მცირე მომდევნო წლის ივლისამდე შეუძლებელი იქნებოდა.
მოცემულ ეტაპზე Google ე.წ. მოქნილი სამუშაო კვირის შესახებ იდეას განიხილავს, რომლის განხორციელებას მას შემდეგ შეძლებს, როდესაც თანამშრომლები ოფისებს დაუბრუნდებიან. საპილოტე პროექტით გათვალისწინებულია, რომ კომპანიის თანამშრომლები საოფისე პირობებში კვირაში სამი დღე იმუშავებენ, ხოლო დანარჩენი დღეები კვლავ სახლიდან გააგრძელებენ საქმიანობას.
„ჩვენ ვამოწმებთ ჰიპოთეზას იმის თაობაზე, რომ ე.წ მოქნილი სამუშაო კვირის იდეა თანამშრომელთა მეტ პროდუქტიულობას, საქმიანობასა და კეთილდღეობას გამოიწვევს“, - განაცხადა Google_ის კუთვნილი კომპანია Alphabet-ის გენერალურმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში. პიჩაის თქმით, ამ მასშტაბების მქონე არცერთი კომპანია მსგავს ჰიბრიდულ მოდელზე არ გადართულა და ამიტომ საინტერესო იქნება მისი ცდა.
#Google #2021 #new #working #regime #tech #interworld