EMC-მ შეაფასა შრომის კოდექსში შესული ცვლილებები
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა მე-3 მოსმენით, 82 ხმით მიიღო. „ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) შეფასებით, პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, შრომის კანონმდებლობაში პრობლემები რჩება.
EMC გამოყოფს საკანონმდებლო ცვლილების პოზიტიურ მხარესა და გაშვებულ შესაძლებლობებს.
EMC-ის შეფასებით, შრომის კოდექსში შემდეგი პოზიტიური ცვლილება შევიდა:
შრომითი უფლებების ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით შრომის ინსპექციისთვის შრომითი უფლებების დაცვის სრულყოფილი მონიტორინგის მანდატის მინიჭება და ინსპექციის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯები;
სამუშაო დროის, ცვლაში მუშაობის, ზეგანაკვეთური სამუშაოსა და ღამით დასაქმებული პირების ცნების განსაზღვრა და მასთან დაკავშირებული დეფინიციების გაჩენა;
ცვლაში მშრომელთათვის დაწესებული დასვენების დროის რეგულირება;
ღამე მშრომელთა უფლებების დაცვის გარკვეული გარანტიების შემოღება;
სპეციფიკური დარგების ჩამონათვალის არსებული პრობლემური სიის გაუქმება;
მედიაციის აღსრულების წესის განსაზღვრა;
ანტიდისკრიმინაციული სტანდარტები - გონივრული მისადაგების ცნება გაჩენა, ქალებისთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის შემოტანა და სხვა;
შრომის ხელშეკრულების ფორმის, ვადებისა და შინაარსის ახლებურად დარეგულირება;
სტრაჟირების დარეგულირება.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივით, ჯერ კიდევ 2019 წელს, დაიწყო შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტის განხილვები რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლები, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტებისა მონაწილეობდნენ. EMC-ის შეფასებით, მას შემდეგ ამ პაკეტმა რთული და წინააღმდეგობრივი გზა გაიარა.
EMC: გაშვებული შესაძლებლობები:
არ დადგენილა მაქსიმუმ რამდენი საათი შეუძლია დასაქმებულს ზეგანაკვეთურად მუშაობა;
რეფორმა არ ითვალისწინებს ისეთ გარანტიებს, როგორიცაა სოლიდარული გაფიცვის უფლება, მინიმალური ხელფასი, მამობის შვებულება და დეკრეტული შვებულების ღირსეული ანაზღაურება ქალებისთვის;
არ არის ამომწურავად გაწერილი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები;
პარლამენტმა მეორე მოსმენაზე უარი თქვა ზეგანაკვეთური სამუშაოს 125%-იანი გაზრდილი ტარიფით ანაზღაურების წესის შემოღებაზე.
EMC: ხარვეზები რეფორმაზე მუშაობის პროცესში:
კარგად ორგანიზებული წინააღმდეგობის ფონზე, მშრომელთა ინტერესების წარმომადგენელი ორგანიზაციების სიმცირე განსაკუთრებული სიმწვავით გამოვლინდა. მაშინ, როცა დამსაქმებელთა ასოციაციები შეუფერხებლად ახერხებდნენ როგორც საკანონმდებლო პროცესში ჩართვას, ისე საკუთარი ინტერესების სხვადასხვა პლატფორმასა და ფორმატებში გაჟღერებას, მშრომელთა ჩართულობა მათი უფლებრივი მდგომარეობის გარშემო მიმდინარე საკანონმდებლო პროცესსა და საჯარო დისკუსიაში მთელი პროცესის განმავლობაში საკმაოდ სუსტი იყო;
საგულისხმოა, რომ ადრეულ ეტაპზევე თვალსაჩინო გამოწვევად იქცა კანონპროექტის შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირება.
მიზანმიმართულად გავრცელდა არაერთი მცდარი წარმოდგენა კანონპროექტის მიზნებისა თუ მისი შესაძლო ეფექტების შესახებ.
მიუხედავად ამ გარემოებებისა, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს რეფორმა წინგადადგმული ნაბიჯია მშრომელთა უფლებებისთვის ბრძოლაში. მისი შეფასებით, შრომის კოდექსში შესული ცვლილებები გააუმჯობესებს დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას, გააძლიერებს დამსაქმებლებთან ურთიერთობაში, ხელს შეუწყობს შრომის ინსპექციის ქმედით, თვითმყოფად უწყებად ჩამოყალიბებას, ხოლო საქართველოს შრომით კანონმდებლობას ევროკავშირის სტანდარტებთან უფრო შესაბამისს გახდის.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30864686.html
#ახალი_ამბები
#twitter