კასპში სპეცოპერაცია ჩატარდა, ყოფილ პოლიციელს ორი მძევალი ჰყავდა აყვანილი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში, ერთ-ერთ საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დააკავა 1 პირი, 1993 წელს დაბადებული გ.მ., რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, რომელიც სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა, დაკავებულმა შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წელს დატოვა პირადი პატაკის საფუძველზე, მძევლების აყვანამდე კი პოლიციას მიმართა განცხადებით, სადაც დახმარებას ითხოვდა. ვლადიმერ ბორცვაძე ამბობს, რომ ამ საქმეზე გამოძიება სწორედ დაკავებულის განცხადების მიღების შემდეგ დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს, მეტ დეტალს კი გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, ამ დროისთვის არ ასაჯაროებს.  რაც შეეხება თავად სპეცოპერაციას, მისი ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა თავდამსხმელი და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პოლიცია დაკავებულ გ.მ.-სთან აქტიურ მოლაპარაკებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ახორციელებდა, რის შედეგადაც მძევლები უვნებლად გათავისუფლდნენ, თავდამსხმელი კი დააკავეს.  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31048816.html #ახალი_ამბები #twitter