ფოთში კორონავირუსი ტექსტილის ფაბრიკის 116 თანამშრომელს დაუდასტურდა

Tbilisi Daily

116 ადამიანს დაუდასტურდა COVID-19 ტექსტილის ფაბრიკის ფოთის ფილიალში, აქედან 22 თანამშრომელი ფოთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საწარმო დღეიდან 1 კვირის განმავლობაში წყვეტს მუშაობას. ფოთის მერის, გოჩა კურდღელიას განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში პროცესი უფრო ხანგრძლივი პერიოდით შეჩერდება. სულ ტესტირება ფაბრიკის 417 თანამშრომელს ჩაუტარდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 159 ადამიანი, გარდაიცვალა 109 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.