შეყვარებული, რომელსაც მე ვიცნობდი, ბაჩანა არაა - ბაჩალიაშვილის მეგობარი
Pirveliradio Ge
თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე, - ამის შესახებ დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი, დეა კაპანაძე "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საუბრისას გააკეთა.
"ეს რაღაც არის აბსურდი. თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული მარტო, რომელიც ჰყავდა და რომელიც ვიცოდი. გამაცნო და ახლაც მაქვს მაგ ადამიანთან კონტაქტი. ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე. საერთოდ 22-ში თუ 23-ში რომ მომწერა, [ლობჟანიძემ] უბრალოდ მისამართი გავუგზავნე და GIF-ები და სურათები ჩამიყარა და გაკვირვებული ვიყავი, მეთქი შენ ვინ ხარ, რატომ არ მითხრა თამუნამ შენზე არაფერი... "- ამბობს კაპანაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, თბილისელია თუ არა თამუნას შეყვარებული, დეა კაპანაძე პასუხობს: "თბილისში ცხოვრობს. წარმოშობით არ ვიცი საიდან არის. სახელს არ გეტყვით, ვერ გავცემ ასე ინფორმაციას, იქნებ არ სურს იმ ადამიანს რომ დავაკონკრეტო. 2015-ში თამუნამ რომ ჩააბარა უნივერსიტეტში, მაშინ გაიცნო, რაღაც საგნებზე ერთმანეთს ემთხვეოდნენ და 2018 წელს საფრანგეთიდან რომ ჩამოვიდა, მაშინ დაშორდნენ. გაწყდა ურთიერთობა და მაგის მერე კონტაქტი აღარ ჰქონიათ".
ბაჩანა ლობჟანიძესთან დაკავშირებით კი დეა კაპანაძე ამბობს, რომ ის თამუნას გარდაცვალების შემდეგ მის მეგობრებს უკავშირდებოდა და არაერთ კითხვას უსვამდა.
"ბაჩანასთან კონტაქტში შევედი თამუნას გარდაცვალების შემდეგ, როცა მოასვენეს სახლში, მაშინ. თამუნას ვიდეოებს და ფოტოებს რომ მიგზავნიდა ბაჩანა, ვენდე, ვიფიქრე რომ მისი კურსელი იყო. ავყევი ჩვეულებრივ, ვწერდი მეც, დავდებ არანაირი დასამალი არ მაქვს ჩემი ტელეფონიც აქვს გამოძიებას და... არ ვიცი ეს ადამიანი საერთოდ რას წარმოადგენს. როცა შევხვდი, ვიფიქრე რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა. კითხვებს მისვამდა ჩემი და თამოს საერთო მეგობრებს ყველას მიწერდა, ფრაზა მარტო "გესალმები" და უსვამდა უამრავ კითხვას. ეს ხალხი დაიმეგობრა თამუნას გარდაცვალების შემდეგ," - ამბობს დეა კაპანაძე.