ცხინვალის დე ფაქტო შს-თა მინისტრი პასუხისგებით დაემუქრა მიტინგისკენ მოწოდების ავტორებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ ნანიევმა პროვოკაცია უწოდა მოწოდებებს ცხინვალში მიტინგის გამართვის შესახებ. ნანიევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „ირ“-ს განუცხადა, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება მოწოდებები, რომ ჩატარდეს მიტინგი კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების გაგრძელების წინააღმდეგ. დე ფაქტო მინისტრმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მცხოვრებთ მოუწოდა, არ აყვნენ პროვოკაციულ მოწოდებებს, რადგან დაანონსებული მიტინგი არასანქცირებულია, სიმშვიდე შეინარჩუნონ და თავი აარიდონ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს. ნანიევის თქმით, მათთვის ცნობილია მიტინგებისკენ მოწოდების ფეიკ-შეტყობინებების ავტორები და ისინი პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. დე ფაქტო შს-თა მინისტრმა მოსახლეობას შეახსენა, რომ ვლადიკავკაზში მიტინგების ჩატარებამ გამოიწვია კორონავირუსით დაავადებულების და გარდაცვლილების რიცხვის მკვეთრი ზრდა „რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნის თითოეული მცხოვრების სიცოცხლე. მიუხედავად გზის დაკეტვით გამოწვეული გარკვეული სირთულეებისა, ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ნანიევმა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 1 სექტემბრამდე გააგრძელა რუსეთთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვები. აკრძალვა 31 ივლისამდე მოქმედებდა. დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია, რათა არ დაუშვან „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის შეღწევა". ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას უკვე დადასტურებული აქვს კორონავირუსის 89 შემთხვევა. ინფიცირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთიდან დაბრუნებული პირია. https://www.radiotavisupleba.ge/a/30758185.html #ახალი_ამბები #twitter