8-12 დეკემბერს გალერეა "ოპიზარში" გაიმართება გიორგი გომარელის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით "GogArt".
გიორგი გომარელი თანამედროვე ქართული სახელოვნებო წრეებისა და ფართო საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი არტისტია. ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა. კომპიუტერის ნაწილებისაგან შექმნილი უნიკალური ნამუშევრები, მაკომპლექტებელი დეტალები, ციფრული სამყაროს უხილავი არსი, რომელიც თვალწარმტაც ხელოვნებად გარდაიქმნება! გიორგი გომარელის შემოქმედების ანალოგი ძნელად თუ მოიძებნება. თითოეული ნამუშევარი 1000-მდე დეტალისაგან შედგება, რომელთა სიმბიოზი ტექნოლოგიური პროგრესის უხილავ ჰარმონიასა და სილამაზეს ავტორისათვის დამახასიათებელი, განსაკუთრებული ესთეტიკით გადმოსცემს.
პროფესიით კომპიუტერული ტექნიკის ინჟინერი გიორგი გომარელი ნამუშევრებში იყენებს იმ იშვიათ და "ჩვეულებრივი თვალისათვის" დაფარულ დეტალებს, რომელთა ხილვის საშუალება საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 0.0001 % ეძლევა. არტისტი თითოეულ ნამუშევარს 3-დან 6 თვემდე უთმობს. საღებავი არ ეხება ორიგინალ კომპონენტებს, ფერები ამშვენებს მხოლოდ ფონს, რაც განსაკუთრებულად უსვამს ხაზს თითოეული დეტალის სისუფთავეს და მათი, როგორც შთაგონების წყაროს მნიშვნელობას არტისტის შემოქმედებაში.
Source: GogArt