პლანეტების წარმომქმნელი დისკოები სწრაფად იშლებიან მასიური ახალგაზრდა ვარსკვლავების მიერ მაღალი ენერგიის დასხივებით 🤔
✦ NASA-ს რენტგენული კოსმოსური ობსერვატორიისა (chandra) და აწ უკვე ექსპლუატაციიდან გამოყვანილი "სპიცერის" კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, ასტრონომებმა პლანეტებისთვის „სახიფათო ზონები“ აღმოაჩინეს, რომლებიც ახალგაზრდა ვარსკვლავების გარშემო არიან.
მკვლევართა ჯგუფმა ეს ზონები იმ ობიექტზე გრძელვადიანი დაკვირვებით აღმოაჩინა, რომელიც ცნობილია როგორც Cygnus OB2.
Cygnus OB2 დედამიწიდან 4600 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და იგი დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავური გროვაა, რომელშიც ასობით მასიური და ათასობით პატარა მასის მქონე ვარსკვლავია.
» „ამ ახალ კომპოზიტურ სურათზე, ჩანდრას მონაცემები (იისფრად) გვიჩვენებენ დიფუზურ რენტგენულ გამოსხივებას და ახალგაზრდა ვარსკვლავებს გროვა Cygnus OB2-ში, ხოლო NASA-ს Spitzer-ის ინფრაწითელი მონაცემები (წითელი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი) აჩვენებენ ახალგაზრდა ვარსკვლავებს, ცივ მტვერსა და გაზს“, - წერს NASA Chandra-ს ვებგვერდზე.
დაახლოებით 4.6 მილიარდი წლის წინ, თავად ჩვენი მზე იყო გარშემორტყმული პროტოპლანეტარული დისკოთი, საიდანაც პლანეტები ფორმირდნენ, მათ შორის დედამიწა.
თანამედროვე მზის სისტემაში ამ დისკოს არარსებობა გვამცნობს, რომ პროტოპლანეტარული დისკოები პლანეტების ფორმირების შემდეგ მალევე იშლებიან.
ვარსკვლავის ძლიერმა, მაღალი ენერგიის მქონე გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკოზე არსებული მასალის აორთქლება.
პროცესს ასტრონომები "ფოტოაორთქლებას" უწოდებენ.
ამის შემდეგ, ფოტოაორთქლებული მატერია რადიაციული წნევით შორდება ვარსკვლავს და არმოიქმნება ეგრეთ წოდებული „დისკოს ქარები“, რომლებიც ვარსკვლავის სიახლოვეს ქრიან.
ისეთი საშუალო მასის მქონე ვარსკვლავის, როგორიც მზეა, ფოტოაორთქლებასა და დისკოს ქარებს 5-დან 10 მილიონ წლამდე სჭირდებათ, რათა პროტოპლანეტარული დისკო მთლიანად განადგურდეს.
თუმცა, ჭარბმა ულტრაიისფერმა და რენტგენულმა გამოსხივებამ, რომელსაც უფრო მასიური ახალგაზრდა ვარსკვლავები ასხივებენ, შეიძლება დააჩქაროს პროტოპლანეტარული დისკოს დაშლის პროცესი.
პროტოპლანეტარული დისკოს დაშლა კი ამცირებს პლანეტების ფორმირების სიხშირეს.
მომზადებულია Space.com-ის მიხედვით.
მთავარი გამოსახულება: X-ray: NASA/CXC/SAO/J. Drake et al, IR: NASA/JPL-Caltech/Spitzer;
სურათის დამუშავება: NASA/CXC/SAO/N. Wolk